ნიკოლოზ ჭიაურელი - მაგისტრალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი როგორც სახმელეთო, ასევე შავი ზღვის, განხილვის საგანი არ ყოფილა

კომპანია "კავკასუს ონლაინის" დირექტორის, ნიკოლოზ ჭიაურელის განცხადებით, "კავკასუს ონლაინსა" და კომპანია "ვიმპელკომს" შორის განხილვის საგანი არც ყოფილა და არც არის მაგისტრალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი როგორც სახმელეთო, ასევე შავი ზღვის , - ამის შესახებ ნიკოლოზ ჭიაურელმა ჟურნალისტებს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში განუცხადა, სადაც კომისია "ვიმპელკომისა" და "კავკასუს ონლაინის" ერთობლივ განცხადებას განიხილავს.

როგორც "კავკასუს ონლაინის" გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, "კავკასუს ონლაინსა" და "ვიმპელკომს" შორის მოლაპარაკება ნოემბერში დაიწყო და ეს იყო მედიისთვის საჯარო, რადგან ნებისმიერი ავტორიზებული პირი ვალდებულია მიმართოს მარეგულირებელ კომისიას.

"ჩვენს შორის ამ პერიოდის განმავლობაში მოლაპარაკებების საგანი არასდროს არ ყოფილა და არც არის მაგისტრალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი როგორც სახმელეთო, ასევე შავი ზღვის. ჩვენ ვართ კერძო ორგანიზაცია და არანაირი სურვილი არ გვაქვს, პოლიტიკურ განცხადებებში მონაწილეობა მივიღოთ. ამიტომ არ გამოვხატეთ სურვილი მედიასთან კომენტარი გაგვეკეთებინა და წერილობითი განცხადებით შემოვიფარგლეთ", - განაცხადა ნიკოლოზ ჭიაურელმა და აღნიშნა, რომ საუბარი მიმდინარეობს საცალო სეგმენტის შეძენაზე.

როგორც "კავკასუს ონლაინის" გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, აღნიშნული პროცედურის გავლა მოხდა "მაგთისთანაც". "მაგთიკომმა" უკვე მიიღო ნებართვა კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან და ამჟამად ელოდებიან გადაწყვეტილებას "ვიმპელკომთან" დაკავშირებით.

ნიკოლოზ ჭიაურელის თქმით, მას შემდეგ, თუ "ვიმპელკომიც" მიიღებს ნებართვას, უკვე "კავკასუს ონლაინი" შემდგომ ნაბიჯებს განახორციელებს.

რაც შეეხება საცალო სეგმენტში რუსული მხარის შემოსვლას, ნიკოლოზ ჭიაურელის თქმით, რუსული მხარე საცალო სეგმენტში უკვე დიდი ხანია არის, 300 ათასზე მეტ აბონენტს რუსული წყარო ემსახურება.

კითხვაზე, რატომ დადგა დღის წესრიგში "კავკასუს ონლაინისთვის" საცალო სეგმენტის გაყიდვის საკითხი, კომპანიის გენერალური დირექტორი აღნიშნულს დოლართან მიმართებაში ლარის დევალვაციას უკავშირებს.

"აქედან გამომდინარე, იძულებულები გავხდით, ეს ნაბიჯი გადაგვედგა. თუ კურსი დასტაბილურდა, ვიდრე მოლაპარაკებებს დავასრულებთ, არანაირი სურვილი არ გვაქვს, რომ კომპანია დავშალოთ", - განაცხადა ნიკოლოზ ჭიაურელმა.

თავის მხრივ, შპს "ბილაინის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი ტყეშელაშვილმა აღნიშნა, რომ კომპანია "ვიმპელკომის" დაინტერესების საგანი მაგისტრალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი არ არის და საუბარი მიმდინარეობს საცალო სეგმენტის შეძენაზე.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, შპს "მობიტელმა" ("ვიმპელკომმა") და "კავკასუს ონლაინმა" კომისიას ერთობლივი განცხადებით მიმართეს 2015 წლის 13 ნოემბერს და ამის შემდეგ უკვე კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.