საპარტნიორო ფონდის ბაზაზე "საქართველოს განვითარების კორპორაცია", სავარაუდოდ, გაზაფხულის ბოლოს ამოქმედდება

"საქართველოს განვითარების კორპორაციის შესახებ" კანონი შესაბამის უწყებებს, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში გადაეგზავნება.

როგორც საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ თემის კომენტირებისას განაცხადა, "საქართველოს განვითარების კორპორაციის შესახებ" კანონი მომზადებულია გერმანიის საფინანსო ინსტიტუტის მიერ, რომელიც სავარაუდოდ მიმდინარე კვირის განმავლობაში გადაეგზავნება ყველა შესაბამის უწყებას, პირველ რიგში კი მთავრობას. კანონპროექტი გასაცნობად ასევე მიეწოდება მსოფლიო ბანკსა და სავალუტო ფონდს.

"მთავრობა განიხილავს დოკუმენტს, გარკვეული შენიშვნები, შეთავაზებები წინადადებები, ალბათ, იქნება. იმედი მაქვს, უახლოეს ხანში დოკუმენტი პარლამენტს გადაეცემა. პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონი "საქართველოს განვითარების კორპორაციის შესახებ". კანონის მიღების შემთხვევაში, ალბათ დაგვჭირდება დაახლოებით ორი თვე, რომ სტრუქტურამ მუშაობა დაიწყოს. ამისთვის გერმანიის საფინანსო ინსტიტუტს უკვე გაცხადებული აქვს, რომ გამოყო 1+5 მილიონი ევროს გრანტი. ერთი მილიონი იქნება მოსამზადებელი სამუშაოებისთვის, რომ სტრუქტურა შემუშავდეს, ხოლო 5 მილიონი იქნება ტექნიკური დახმარება, აღჭურვილობის, კადრების მომზადებისთვის და ა.შ.", - განმარტა დავით საგანელიძემ.

რაც შეეხება ახალი სტრუქტურის ამოქმედების ვადას, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოსაზრებით, თუ კანონი მთავრობასა და პარლამენტში წარმატებით გაივლის პროცედურებს, ახალი სტრუქტურა გაზაფხულის ბოლოს, ზაფხულის დასაწყისში ამუშავდება.