დავით ჯალაღანია საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს აბას თალები ფარის შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ირანის მხარისთვის ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ, 2016 წლის 15 თებერვლიდან კვლავ ამოქმედდეს შეთანხმება "საქართველოს მთავრობასა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის ვიზების ორმხრივად გაუქმების შესახებ", რომელიც ქართული მხარის მიერ 2013 წლის 1 ივლისიდან დროებით იქნა შეჩერებული.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ირანის მხარეს გადაეცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ოფიციალური ნოტა.

"აღნიშნული გადაწყვეტილებით, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მოქმედ ორდინალურ პასპორტებს, უფლება ექნებათ ისარგებლონ, საქართველოს ტერიტორიაზე პირველი შესვლის დღიდან, ვიზის გარეშე ორმოცდახუთ (45) დღემდე ყოფნის უფლებით.

შეხვედრის ფარგლებში ასევე მიმოხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობების მიმდინარე აქტუალური საკითხები, მათ შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარება ტურიზმის, ეკონომიკის, ვაჭრობისა და ტრანზიტის კუთხით", - განმარტავენ სამინისტროში.