გელა დუმბაძე - ირანთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებისას, ურთიერთობა ისტორიულ დიასპორასთან უფრო ინტენსიური გახდება

ირანთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემთხვევაში, საქართველოს ურთიერთობა ისტორიულ დიასპორასთან უფრო ინტენსიური გახდება, - ამის თაობაზე ჟურნალისტებს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ განუცხადა.

დუმბაძის თქმით, ირანთან სავიზო რეჟიმის დაწესებამ გარკვეული შეფერხებები შექმნა, თუმცა ვისაც დიდი სურვილი ჰქონდა საქართველოში ჩამოდიოდნენ.

"ირანში იმყოფება ქართული ისტორიული დიასპორა - ფერეიდანი. საუბარია დაახლოებით 300 ათას ადამიანზე. რაც შეეხება უშუალოდ ირანთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებას, ეს არის აბსოლუტურად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეროგატივა. ვფიქრობ, რომ ეს საკითხები მჭიდრო კონტაქტშია ისეთ თემასთან, როგორიც არის ქვეყნის უსაფრთხოების და კეთილმეზობლობის საკითხები. ამასთან, თუ ეს განხორციელდა, ჩვენი ურთიერთობა ისტორიულ დიასპორასთან გახდება უფრო ინტენსიური", - განუცხადა ჟურნალისტებს გელა დუმბაძემ.

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს დღეს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს.