მოჰსენ ქებრიაი – გვესმოდა საქართველოს მდგომარეობა, რომ ის ითვალისწინებდა დასავლელი პარტნიორების რჩევებს

საქართველოში ირანის ელჩის მოადგილის, მოჰსენ ქებრიაის განცხადებით, დასავლეთის ანტიირანული კამპანიის გამო, ძალიან ბევრი ქვეყანა ერიდებოდა ირანთან ურთიერთობების გახსნას.

როგორც ელჩის მოადგილემ ჟურნალისტებს განუცხადა, ირანს ესმოდა საქართველოს პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით.

"ჩვენ აბსოლუტურად გვესმოდა საქართველოს მდგომარეობა, რომ საქართველო ითვალისწინებდა თავისი დასავლელი პარტნიორების გარკვეულ რჩევებს.

მას შემდეგ, უკვე რაც ირანმა დასავლეთთანაც მიაღწია შეთანხმებას და დასავლეთმაც და ამერიკამ გააუქმეს სანქციები, ჩვენც შესაბამისად ვცდილობთ განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები და თანამშრომლობა, განსაკუთრებით ეკონომიკის სფეროში.

ამ სანქციების გაუქმების შემდეგ ძალიან ბევრი ვიზიტი განხორციელდა დასავლეთის ქვეყნებიდან ირანში როგორც სამთავრობო, ასევე კერძო კომპანიების დონეზე", - განაცხადა მოჰსენ ქებრიაიმ.

მისივე თქმით, ძალიან დიდი პროექტების პერსპექტივებია და ირანიც დაინტერესებულია დასავლეთთან ურთიერთობები უფრო გამყარდეს და თანამშრომლობა უფრო მჭიდრო გახდეს.

"ეს ბუნებრივია რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარებასაც შეუწყობს ხელს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ რეგიონში მშვიდობა უნდა დამყარდეს ძირითადი რეგიონალური მოთამაშეების მიერ, მათ შორის ირანის მიერ", -აღნიშნა ელჩის მოადგილემ.

მისივე განმარტებით, ირანისთვის სანქციები ძირითადად უკავშირდებოდა ირანის ბირთვულ პროგრამებს და დასავლეთის პოზიცია იყო, რომ არ არსებობდა მოლაპარაკებები ბირთვულ საკითხებზე.

"მიუხედავად იმისა, რომ ატომური ენერგიის საერთაშორიო სააგენტომ არაერთხელ გამოაქვეყნა დასკვნა იმის თაობაზე, რომ ირანის ბირთვულ პროგრამებში სამხედრო მიზნები არ შეინიშნებოდა, დასავლეთი მაინც აგრძელებდა ანტიირანულ კამპანიას. სწორედ ამ კამპანიის გამო ძალიან ბევრი ქვეყანა ერიდებოდა ირანთან ურთიერთობების გახსნას. მიუხედავად ამისა, ირანმა შეძლო ორმაგ მოგებაზე ორიენტირებული თამაშის წამოწყება დასავლეთთან, რაც შეიძლება ითქვას, რომ დასრულდა ირანის დიპლომატიური გამარჯვებით. ამან აჩვენა, რომ მოლაპარაკების გზით შესაძლებელია ნებისმიერი სახის ურთულესი პრობლემის გადაჭრა", - განაცხადა ელჩის მოადგილემ და აქვე აღნიშნა, რომ ამ მოლაპარაკებებით როგორც დასავლეთმა, ასევე ირანმა საკმაოდ დიდ სარგებელს მიაღწია.