ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში თოვლმავალი საშუალების მართვა იკრძალება

ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ასევე იმ სამკურნალო პრეპარატის ზემოქმედებისას, რომელიც ყურადღებას აქვეითებს, თოვლმავალი საშუალების მართვა და თოვლზე/ყინულზე სრიალი იკრძალება. თოვლმავლის მართვის უფლების მქონე პირის ასაკი კი 16 წლით განისაზღვრება.

ამას "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომლითაც საქართველოს სამთო-სათხილამურო ზონებში და შესაბამის კურორტებზე უსაფრთხოების ნორმები მკაცრდება. ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია და ის კანონმდებლებს მთავრობამ წარუდგინა.

"საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებათა პროექტიც ერთვის თან, რომელიც დარღვევის შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ჯარიმებს აწესებს.

კანონპროექტის თანახმად, თუ არსებობს საკმაო საფუძველი, რომ სასრიალო ტრასით მოსარგებლე ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაშია, ვალდებული იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სიმთვრალე-სიფხიზლის დასადგენად შემოწმება გაიაროს.

იკრძალება თოვლის/ყინულის სასრიალო ფერდობზე ან სასრიალო ტრასით იმგვარად სარგებლობა, როდესაც იგი აშკარად, პირდაპირ და არსებით საფრთხეს უქმნის საკუთარ ან სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. პროექტის მიხედვით, თოვლმავლის მძღოლებს ეკრძალებათ თოვლმავლით გადაადგილება, გარდა თოვლზე/ყინულზე სასრიალო ტერიტორიაზე მყოფი შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ სამაშველო, სარეაბილიტაციო და საპოლიციო და სხვა მიზნებით გადაადგილების შემთხვევებისა, რომელთა თოვლმავალი საშუალებები აღჭურვილი უნდა იქნას არანაკლებ 1,5 მეტრის სიმაღლეზე (თოვლმავლის კაბინაზე ან სპეციალურ ჭოკზე მოტოციგისა და სხვა შემთხვევაში) განთავსებული ციმციმათი.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს თოვლმავლის მართვის წესებს - კერძოდ, თოვლმავლის, მოტოციგების მძღოლებს ეკრძალებათ თოვლმავლით გადაადგილება, თუ საჭე ერთი ხელით მაინც არ უჭირავთ. ასევე პროექტით განისაზღვრება თოვლმავლის ბუქსირების წესები.

მთავრობის განმარტებით, კანონპროექტის მიღების მიზეზს საქართველოს სამთო-სათხილამურო ზონებში და შესაბამის კურორტებზე უსაფრთხოების ნორმების არარსებობა და მისგან გამომდინარე საფრთხეები წარმოადგენს.

პროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა.