ყარსში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს

თურქეთის პროვინცია ყარსში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს.

ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ამინდის პირობების გაუმჯობესებასთან ერთად, მშენებლობის პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდება.

„ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება“, - აცხადებენ ყარსის პროვინციის მუნიციპალიტეტში.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის რკინიგზის  პრესსამსახურის უფროსმა ნადირ აზმამედოვმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში აზერბაიჯანი მიიღებს კომპანია Stadler Rail Group-ის პირველ 10 სამგზავრო ვაგონს, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალის ექსპლუატაციისთვის არის განკუთვნილი.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული ვაგონების წარმოება გასული წლის სექტემბერში დაიწყო.