სათხილამურო ტრასაზე ალკოჰოლურ მდგომარეობაში სრიალისთვის 100-ლარიანი ჯარიმა დაწესდება

სამთო-სათხილამურო ზონაში უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის ადმინისტრაციული ჯარიმები წესდება. ამ მიმართულებით "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების პროექტი მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა. პროექტის ავტორი ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების სამინისტროა.

თოვლმავლით ან მოტოციგით, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ სასრიალო ფერდობზე ან გზაზე (ტრასაზე) გადაადგილებისას, კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევა გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

თოვლმავლის, მოტოციგის მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ასევე ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება გამოიწვევს სასრიალო ტრასით სარგებლობის საშუალების ჩამორთმევას ერთი დღით ან დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

პოლიციელი ვალდებული იქნება, თოვლმავლის/მოტოციგის მართვას ჩამოაშოროს პირი, რომლის მიმართაც არსებობს საკმაო საფუძველი, რომ იგი ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაშია და გამოკვლევის მიზნით, შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირთან წარადგინოს.

თუკი დამრღვევი სადავოდ არ ხდის ალკოჰოლის მიღების ფაქტს და ამას ადასტურებს ოქმზე ხელმოწერით, პოლიციელი უფლებამოსილია ადმინისტრაციული სახდელი ადგილზე შეუფარდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადგილზევე შეამოწმოს ის. თუ შემოწმების შედეგად მძღოლის მიერ ალკოჰოლის მიღების ფაქტი დასტურდება, შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელშიც ალკოჰოლური სიმთვრალის შედეგები აისახება. იმ შემთხვევაში, თუ თოვლმავლის/მოტოციგის მძღოლი სადავოდ ხდის ალკოჰოლის მიღების ფაქტს ან მისი იდენტიფიკაცია ადგილზე არ ხერხდება, უფლებამოსილი პოლიციელი ვალდებულია, ჩამოართვას მას თოვლმავლი/მოტოციგა სანამ არ მოხერხდება მისი იდენტიფიკაცია/ალკოჰოლური სიმთვრალის დადგენა.

კანონპროექტით განისაზღვრება პასუხისმგებლობა სასრიალო ტრასით მოსარგებლე პირის მიერ თოვლის/ყინულის სასრიალო ფერდობით ან გზით (ტრასით) იმგვარად სარგებლობისთვის, როდესაც იგი აშკარად, პირდაპირ და არსებით საფრთხეს უქმნის საკუთარ ან სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ეს წერილობით გაფრთხილებას გამოიწვევს. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით იმავე დღეს – გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით. თუ დამრღვევი სადავოდ არ ხდის მის მიერ სასრიალო ფერდობზე ან გზაზე (ტრასაზე) საფრთხის შემცველ ქმედებას, ამას ადასტურებს შესაბამისად შედგენილ გაფრთხილების ოქმზე ხელმოწერით. თუ დამრღვევი სადაოდ ხდის მიერ მიერ სასრიალო ფერდობზე ან გზაზე (ტრასაზე) საფრთხის შემცველ ქმედებას ან/და უარს აცხადებს გაფრთხილების ოქმის ხელმოწერაზე, უფლებამოსილი პოლიციელი ვალდებულია, ასახოს ეს ფაქტი მის მიერ შედგენილ გაფრთხილების ოქმში. თუ სასრიალო ტრასით მოსარგებლე განმეორებით ჩაიდენს იგივე ქმედებას იმავე დღეს უფლებამოსილი პოლიციელი ვალდებულია ადგილზე შეუფარდოს ადმინისტრაციული სახდელი. თუ სასრიალო ტრასით მოსარგებლის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება ადგილზე, უფლებამოსილი პოლიციელი ვალდებულია დროებით ჩამოართვას მას სასრიალო ტრასით სარგებლობის საშუალება მისი იდენტიფიკაციის დადგენამდე, ჩამოაშოროს სასრიალო ტრასით მოსარგებლე სასრიალო ფერდობიდან ან გზიდან (ტრასიდან) ერთი (იმავე დღით) და უზრუნველყოს მისი უსაფრთხოდ გადაყვანა.

კანონპროექტით განისაზღვრება პასუხისმგებლობა, სასრიალო ფერდობით ან გზით (ტრასით) სარგებლობისთვის ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპულის სიმთვრალის მდგომარეობაში, ან სასრიალო ფერდობით ან გზით (ტრასით) სარგებლობისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისგან თავის არიდებისთვის. აღნიშნული გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით და სასრიალო ტრასით სარგებლობის საშუალების ჩამორთმევას ერთი დღით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. ასეთ შემთხვევაში, უფლებამოსილი პოლიციელი ვალდებულია სასრიალო ტრასით მოსარგებლე, რომლის მიმართაც არსებობს საკმაო საფუძველი, რომ იგი ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაშია, ჩამოაშოროს სასრიალო ტრასას და გამოკვლევის მიზნით, შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირთან წარადგინოს. უფლებამოსილი პოლიციელი ვალდებულია, სასრიალო ტრასით მოსარგებლე, რომლის მიმართაც არსებობს საკმაო საფუძველი, რომ იგი ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაშია ერთი (იმავე) დღით ჩამოაშოროს სასრიალო ტრასას. თუ დამრღვევი სადავოდ არ ხდის ალკოჰოლის მიღების ფაქტს და ამას ადასტურებს ოქმზე ხელმოწერით, ადგილზე შეუფარდოს ადმინისტრაციული სახდელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადგილზევე შეამოწმოს იგი. თუკი შემოწმების შედეგად დასტურდება სასრიალო ტრასით მოსარგებლის მიერ ალკოჰოლის მიღების ფაქტი, შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელშიც აისახება ალკოჰოლური სიმთვრალის შედეგები. თუ სასრიალო ტრასით მოსარგებლე სადავოდ ხდის ალკოჰოლის მიღების ფაქტს ან მისი იდენტიფიკაცია არ ხერხდება ადგილზე, უფლებამოსილი პოლიციელი ვალდებულია ჩამოართვას მას სასრიალო ტრასით სარგებლობის საშუალება სანამ არ მოხერხდება მისი იდენტიფიკაცია/ალკოჰოლური სიმთვრალის დადგენა.

წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობად მიიჩნევა სისხლში 0,5 პრომილეზე მეტი ოდენობით ეთანოლის შემცველობა.