გლდანში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება

გლდანის რაიონის გამგებელმა ბესიკ ქარცივაძემ დღეს, გამგეობის თანამშრომლებთან ერთად, რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

მერიის ინფორმაციით, გამგეობა ამ დროისთვის რაიონში სამი შიდა კვარტალური ეზოს მოწყობის სამუშაოებს და ერთი ქუჩის ორმოულის შეკეთებას ახორციელებს. ამასთან, კაპიტალურად მოეწყობა მაისურაძის ქუჩა, სადაც 5 070 კვ.მეტრ ფართობზე დაიგება ასფალტის საფარი.

გარდა ამისა, რეაბილიტაციის ფარგლებში, ექვსი მწვანე ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს. ძველი მავთულბადეები შეიცვლება ახლით, დაიგება ხელოვნური მწვანე საფარი.