გიორგი ჩოგოვაძე უვიზო რეჟიმის აღდგენის შემდეგ ირანიდან ტურისტების რაოდენობის ზრდას ელოდება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი ჩოგოვაძე დარწმუნებულია, რომ უვიზო რეჟიმის აღდგენის შემდეგ ირანიდან ტურისტებისა და საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა და შესაბამისად, შემოსავლები საქართველოში გაიზრდება.

როგორც ჩოგოვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ირანისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივება მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პროცესების გამოძახილია.

"მსოფლიოში მიმდინარეობს გლობალური პროცესები და ერთ-ერთი მაგალითი გახლავთ, რომ ირანი, როგორც ქვეყანა, როგორც ბაზარი, უფრო გახსნილი და საინტერესო ხდება საერთაშორისო საზოგადოებისთვის. მათ შორის ევროპული და არაევროპული კომპანიებისთვის. საქართველო უახლოეს მომავალში გაამარტივებს სავიზო რეჟიმს ირანთან, ვინაიდან ეს გახლავთ ადეკვატური გამოძახილი დღევანდელ რეალობაზე. ეს ეფექტს იქონიებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე, მათ შორის ტურისტების რაოდენობაზე, რომელიც ერთი მხრივ, გაიზრდება და მეორე მხრივ, შემოსავლებზე, რომელიც ქვეყანაში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოვა", - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

მან არ დააკონკრეტა, თუ რამდენით შემცირდა ირანიდან ტურისტების და საერთაშორისო ვიზიტორების ნაკადი მას შემდეგ, რაც საქართველომ ირანს სავიზო რეჟიმი დაუწესა და აღნიშნა, რომ "ციფრები არ ახსოვს".