დიმიტრი ქუმსიშვილი - თუ კანონპროექტში არის ჩანაწერი, რომელმაც კერძო მესაკუთრე დააფიქრა, ეს ნიშნავს, რომ ეს ჩანაწერი უნდა გავასწოროთ

თუ საჯარო რეესტრის შესახებ კანონპროექტში არის ისეთი ჩანაწერი, რომელმაც კერძო მესაკუთრე დააფიქრა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ეს ჩანაწერი უნდა გავასწოროთ და ამას აუცილებლად გავაკეთებთ , - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა.

ქუმსიშვილი განმარტავს, რომ პარლამენტში შესულია კანონპროექტი არა მიწის შესახებ, არამედ საჯარო რეესტრის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო კეთილი ნებით იზღუდავს განკარგვის შესაძლებლობას სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაციის ფარგლებში აღმოჩენილი მიწების რეგისტრაციისას.

"მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ჩვენთვის უმთავრესი არის კერძო საკუთრება და არავითარ შემთხვევაში არავის არ აქვს გადაწყვეტილი, განზრახული ან ნაფიქრი, რომ რაიმე ტიპის საფრთხე შეუქმნას კერძო საკუთრებას, ეს ყოვლად დაუშვებელია. პირიქით, ეკონომიკის სამინისტრო არის ის სამინისტრო, რომელიც მაქსიმალურად დამცველია კერძო საკუთრების", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, თუ შეშფოთების დონეზე მოსახლეობაში იქნება განწყობა, რომ ეს ცვლილებები საფრთხეს უქმნის კერძო საკუთრებას, მთავრობა მაქსიმალურად შეეცდება საპარლამენტო განხილვებისას კანონპროექტში შეიტანოს ისეთი ცვლილებები, რომ ყველანაირი ეჭვი იმისა, რომ კერძო საკუთრებას საფრთხე ექმნება, აღმოიფხვრას.

"კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით, ჩვენ შეიძლება ამის პედალირება აღარ მოვახდინოთ, იმიტომ რომ ჩვენ ვუყურებთ ახლა იმ განწყობებს, რომელიც არის მოსახლეობაში და შიდა კონსულტაციების გზით გადავწყვეტთ. თუ იქნა ისეთი ჩანაწერი, რომელმაც კერძო მესაკუთრე დააფიქრა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ეს ჩანაწერი უნდა გავასწოროთ და ჩვენ ამ ჩანაწერს აუცილებლად გავასწორებთ", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა მთავრობამ უკან გაიტანოს პარლამენტიდან კანონპროექტი, ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ არა, თუმცა მისი თქმით, საპარლამენტო განხილვებისას მასში გარკვეული ცვლილებები შევა.