ალექსანდრე როგოისკის მემორიალური დაფა "თიბისი" ბანკის სათავო ოფისში გაიხსნა

"თიბისი ბანკის" სათავო ოფისში ცნობილი პოლონელი არქიტექტორის, ალექსანდრე როგოისკის სახელობის მემორიალური დაფა გაიხსნა. როგორც "თიბისი ბანკში" აცხადებენ, პოლონეთის საელჩოს ინციატივით, პროექტ "პოლონური კულტურული მემკვიდრეობა საქართველოში" ფარგლებში საქართველოში პოლონელი არქიტექტორების მიერ დაპროექტებულ შენობებზე მათი სახელობის მემორიალური დაფების განთავსება მოხდება. "თიბისი ბანკის" სათავო ოფისის შენობაზე ალექსანდრე როგოისკის მემორიალური დაფის განთავსება სწორედ ამ პროექტის ფარგლებში განხორციელდა. პარალელურად "თიბისი გალერეა" უმასპინძლებს ფოტოგამოფენას, რომელზეც საქართველოში პოლონელი არქიტექტორების მიერ აშენებული ნაგებობები იქნება წარმოდგენილი.

ცნობილმა პოლონელმა არქიტექტორმა ალექსანდრე როგოისკიმ შენობა, სადაც ამჟამად "თიბისი ბანკის" სათავო ოფისი მდებარეობს, მაშინდელი კავკასიის ოფიცერთა ეკონომიკური საზოგადოებისთვის 1912 წელს დააპროექტა. მემორიალური დაფა "თიბისი ბანკის" სათავო ოფისის შენობაზე, როგორც XIX-XX საუკუნეების ერთ-ერთ გამორჩეულ არქიტექტურულ ნაგებობაზე, სიმბოლურად, ალექსანდრე როგოისკის პატივსაცემად განთავსდა.

როგოისკი საქართველოში მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩამოვიდა. წლების განმავლობაში პოლონელი არქიტექტორი თბილისში მოღვაწეობდა და მის სახელს არაერთი ცნობილი და ისტორიული შენობა უკავშირდება. მათ შორის, ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, ყოფილი კათოლიკური ეკლესია, ქაშუეთის ეკლესიის ეზოში მდებარე სამლოცველო, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის ინტერიერი, სემინარიის ყოფილი შენობა, სადაც ამჟამად მე-9 საავადმყოფოა განთავსებული.

ახალი შენობების დაპროექტების გარდა, ცნობილი პოლონელი არქიტექტორი რესტავრაცია-რეკონსტრუქციის პროცესშიც იყო ჩართული. როგოისკის ხელმძღვანელობით ჩატარდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრის შენობის რეკონსტრუქცია 1903-1909 წლებში. გარდა ამისა, ის სიონის ქუჩაზე მდებარე ქარვასლის შენობის რესტავრაციის ავტორიცაა. ისტორიული შენობების გარდა, ალექსანდრე როგოისკის მიერაა დაპროექტებული თბილისში მდებარე არაერთი საცხოვრებელი სახლი.

ღონისძიებას "თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე, საქართველოში პოლონეთის ელჩი ანჟეი ჩიეშკოვსკი, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, ასევე დიპლომატიური კორპუსის და პოლონური დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ.