"კავკასუს ონლაინისა" და "მობიტელის" ერთობლივი განცხადების განხილვა 10 მარტს გაგრძელდება

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში "კავკასუს ონლაინისა" და "მობიტელის" ერთობლივი განცხადების განხილვა 10 მარტს გაგრძელდება.

როგორც დღევადელი სხდომის დასრულების შემდეგ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ ვახტანგ აბაშიძემ განაცხადა, "მობიტელს" გარკვეული მონაცემები და დოკუმენტაციები სრულყოფილად არ ჰქონდა წარმოდგენილი და კომპანიამ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის სამკვირიანი ვადა მოითხოვა.

"განისაზღვრა, რომ საკითხის შემდეგი მოსმენა მოხდება 10 მარტს. ვნახავთ, განვიხილავთ რა იქნება, იქნება თუ არა დამაკმაყოფილებელი ინფორმაცია წარმოდგენილი და შემდეგ უკვე განხილვის რეჟიმში განვსაზღვრავთ გადაწყვეტილების გამოცხადების ვადას", - განაცხადა ვახტანგ აბაშიძემ.

დღევანდელ სხდომას, რომელზეც კომუნიკაციების ეროვნული კომისია "მობიტელისთვის" "კავკასუს ონლაინის" აქტივების შეძენის საკითხზე ნებართვის მიცემის საკითხს განიხილავდა, პარტია "რეფორმატორების" ლიდერი ირაკლი ღლონტი დაესწრო.

მან კომპანიის წარმოდგენლებსა და კომისიის წევრებს მიმართა, რომ იმ შემთხვევაში თუ "კავკასუს ონლაინს" თუნდაც საცალო აქტივს შპს "მობიტელი" იყიდის, რომელიც თავის მხრივ, რუსული კომპანიის მფლობელობაშია, ხომ არ დააყენებს ეს საფრთხის ქვეშ ქართულ სახელმწიფოს. გარდა ამისა, ირაკლი ღლონტმა მიმართა კომისიის თავმჯდომარეს, რომ ერთობლივად შეხვდნენ პრემიერ-მინისტრს და სთხოვონ, რომ სახელმწიფო რაიმე ფორმით დაეხმაროს კომპანია "კავკასუს ონლაინს" საბანკო დავალიანების საკითხში.

თავის მხრივ, კომპანია "კავკასუს ონლაინის" წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საქართველოში საცალო სეგმენტში რუსული მხარე უკვე დიდი ხანია არის. 300 000-ზე მეტი აბონენტს რუსული წყარო ემსახურება.

"კავკასუს ონლაინისა" და "მობიტელის" ერთობლივი განცხადების განხილვა 10 მარტს 13:00 საათზე გაგრძელდება.