ფოთში მეეზოვეებმა აქცია გამართეს

ქალაქ ფოთის მერიასთან მეეზოვეებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა სავარაუდო შემცირებები გააპროტესტეს.

როგორც კორესპონდენტი ფოთიდან იუწყება, მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც ქალაქის დაგვა-დასუფთავებას ეხება, ფირმა "სქაი გრუპმა" გაიმარჯვა. მეეზოვეები შიშობენ, რომ ახალი ხელმძღვანელობა ახალ კადრებს დაასაქმებს, თავად კი უმუშევრები დარჩებიან. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას საკითხით დაინტერესება და დახმარება სთხოვეს.

ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად შუბითიძე აცხადებს, რომ საკითხი მათი გადასაწყვეტი არ არის.

"ინტერპრესნიუსი" ტენდერში გამარჯვებული ფირმის ,,სქაი გრუპის" ფინანსურ მენეჯერს თედო კილასონიას დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ მეეზოვეები შეცდომაში არიან შეყვანილი და მათთან შეხვედრა არ ჰქონიათ. ,,სქაი გრუპში" ირწმუნებიან, რომ შემცირებები დაგეგმილი არ არის.

მეეზოვეები პერმანენტული საპროტესტო აქციების მოწყობით იმუქრებიან.