ავრამოპულოსი შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შემოღების საკითხზე - ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ფინალურ გადაწყვეტილებასთან

ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ფინალურ გადაწყვეტილებასთან, - ამის შესახებ ევროკომისარმა მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს მოქალქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შემოღების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში აცხადებენ, დიმიტრის ავრამოპულოსმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, საქართველომ სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა შეასრულა. ევროკომისრის შეფასებით, საქართველოს მთავრობამ სამოქმედო გეგმის შესრულებისთვის მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია, რამაც პოზიტიური შედეგები მოიტანა.

"ევროკომისია ევროპარლამენტსა და წევრ ქვეყნებში საკანონმდებლო წინადადების გასაგზავნად ემზადება. საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული ევროპული საბჭოსა და ევროპარლამენტის მიერ, მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო წინადადება იქნება წარდგენილი. შესაძლოა, ეს მოხდეს ზაფხულში, შესაძლოა - უფრო ადრე", - განაცხადა ავრამოპულოსმა.

საქართველომ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროკომისარ იოჰანეს ჰანის შეფასებითაც. ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი აცხადებს, რომ ახლა საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებულია ევროპარლამენტზე. იოჰანეს ჰანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა "პროდუქტიულად და მეგობრულად" შეაფასა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესში საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს.