დიმიტრი ქუმსიშვილი - ჩვენ ვართ კერძო საკუთრების პირველი დამცველები

ჩვენ ვართ კერძო საკუთრების პირველი დამცველები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა.

დიმიტრი ქუმსიშვილი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა პარლამენტში შესულ კანონპროექტს, რომელიც საჯარო რეესტრის კანონში შესატან ცვლილებებს ეხება. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, სახელმწიფოსთვის და კერძოდ, ეკონომიკის სამინისტროსთვის კერძო მფლობელობა და კერძო სექტორი უმთავრესია.

"ჩვენ ვართ კერძო საკუთრების პირველი დამცველები. იმ შემთხვევაში თუ ის ჩანაწერი, რომელიც დღეს შესულია პარლამენტში, ოდნავ მაინც იწვევს შეშფოთებას კერძო სექტორში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, ჩვენ აუცილებლად მოვახდენთ ამ ჩანაწერის იმდაგვარ ცვლილებებს, რომ არანაირი ეჭვი ამ მიმართულებით არ გაჩნდეს", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, ამოცანა, რომელსაც ეს ცვლილება მიზნად ისახავს, საბოლოო ჯამში, არის კერძო საკუთრების რეგისტრაცია, მისი ხელშეწყობა და ასევე იმ აქტივების გამომჟღავნება, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია.

"ამ კანონპროექტის მიზანია, საბოლოო ჯამში იმ აქტივების გამომჟღავნება, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია იმისთვის, რომ ეს აქტივები განკერძოვდეს, რადგან თუ ჩვენ არ გვეცოდინება რას ფლობს სახელმწიფო, ჩვენ ამას ვერ განვაკერძოებთ და შესაბამისად, ვერ მოვახდენთ მის ეკონომიკურ ბრუნვაში ჩაშვებას", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.