გაზის წყლის გამათბობლების კანონსაწინააღმდეგოდ რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა SAMSUNG-ის ფირმის სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა შპს "მანგის" ხელმძღვანელი ლევან გამჯაშვილი.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ე.წ. ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში დაბალხარისხიან გაზის წყლის გამათბობლების რეალიზაციას ახდენდა, რომელსაც კანონსაწინააღმდეგოდ აკრავდა SAMSUNG- ის სასაქონლო მარკას.

"კონკრეტულად, 2016 წლის 9 თებერვალს, ლევან გამჯაშვილმა განახორციელა SAMSUNG-ის სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული, დიდი ოდენობით გაზის წყლის გამათბობლების რეალიზაცია, რამაც მნიშვნელოვნად დააზიანა მომხმარებლის უფლებები.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის I ნაწილით, რაც ითვალისწინებს 2 წლამდე პატიმრობას", - ნათქვამია ინფორმაციაში.