საქართველო-ჩეხეთის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, სასტუმრო "რედისონში" საქართველო-ჩეხეთის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს.

როგორც ფორუმის დაწყებამდე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, ნინო ჩიქოვანმა განაცხადა, ჩეხეთის დელეგაციის შემადგენლობაშია 31 კომპანიის წარმომადგენელი და ღონისძიებას 85 ქართული კომპანია ესწრება.

ნინო ჩიქოვანის თქმით, ფორუმის მიმართ ინტერესი არის ძალიან დიდი. ჩეხური კომპანიები წარმოადგენენ შემდეგ სფეროებს: საბანკო-საფინანსო, ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, ქიმიური მრეწველობა, კვების გადამუშავება, მძიმე მრეწველობა.

"დაგეგმილია 170-ზე მეტი ორმხრივი შეხვედრა ქართულ და ჩეხურ კომპანიებს შორის და იმედი გვაქვს, რომ ძალიან შედეგობრივი იქნება ეს ღონისძიება და ხელს შეუწყობს როგორც მსხვილი, ასევე მცირე და საშუალო ქართულ კომპანიებს საგარეო-სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებაში", - განაცხადა ნინო ჩიქოვანმა.

ღონისძიებას ესწრება ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. მისივე თქმით, კერძო სექტორი არის ის, ვინც ავითარებს ქვეყნის ეკონომიკას, ხელს უწყობს ქვეყნის წინსვლას, შესაბამისად, ქუმსიშვილის თქმით, მსგავსი ღონისძიებები საწინდარია იმისა, რომ ორი ქვეყნის კერძო სექტორებს შორის ურთიერთობები განვითარდეს და გაღრმავდეს.

"ღონისძიებას ესწრება 30 ჩეხური კომპანიის წარმომადგენლები. მათ შორის არის ძალიან კონკრეტული წინადადებები იმისა, რომ საქართველოში მოხდეს ინვესტიციების განხორციელება. ასევე, ქართული მხრიდან არის ინტერესი გარკვეული შეთავაზებების და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული ფორუმის ბოლოს ჩვენ გვექნება საკმაოდ წარმატებული გარიგებები უკვე კერძო სექტორის მიმართულებით", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მინისტრის თქმით, არის დაინტერესება, მათ შორის იმისა, რომ საქართველოში აშენდეს ლუდის სახარში და ლუდის ქარხანა, ასევე არის სხვა წინადადებებიც.

როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, ხელი მოეწერება ხელშეკრულებას, "საქაერონავიგაციას" და ჩეხურ კომპანიას შორის.

"ხელშეკრულების ფარგლებში "საქაერონავიგაცია" ჩეხური კომპანიისაგან ყიდულობს ფრენების საკონტროლო სარეზერვო სისტემას და შესაბამისად, ესეც შეემატება იმ ჩვენს აქტივს, რომელიც გვჭირდება", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ჩეხეთის რესპუბლიკის ვაჭრობისა და ინდუსტრიის მინისტრმა იან მლადეკმა. ფორუმს საქართველოს მხრიდან უძღვება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ჩეხეთის სავაჭრო პალატას შორის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.