რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ადმინისტრაციის შენობასთან მუშა-მოსამსახურეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების განცხადებით, საწარმოს ხელმძღვანელობამ 150 თანამშრომელი ერთი თვით უხელფასო შვებულებაში გაუშვა, თუმცა გარანტიას იმისა, რომ ამ ვადის ამოწურვის შემდეგ სამუშაო ადგილებს უკან დაუბრუნდებიან, ადმინისტრაცია არ აძლევს.

,,ბრძანებაში, რომელიც ჩვენ ვნახეთ, განმარტებული არ არის მიზეზი, რატომ გვიშვებენ უხელფასო შვებულებაში და არც გარანტიას არ გვაძლევენ, რომ სამსახურში ამ ვადის ამოწურვის შემდეგ უკან დაგვაბრუნებენ. გასულ წელს, ქარხნიდან 750 თანამშრომელი გაათავისუფლეს და არავის ისინი უკან აღარ მიუღია," - აცხადებენ აქციის მონაწილეები. საპროტესტო აქციას მეტალურგთა პროფკავშირების თავმჯდომარე თამაზ დოლაბერიძე და ტრანსპორტის პროფკავშირების თავმჯდომარე ლავრენტი ალანია შეუერთდნენ. მათი განცხადებით, მეტალურგიული ქარხნის ადმინისტრაციამ 150 მუშა უკანონოდ დაითხოვა სამსახურიდან და ისინი სამართლებრივი გზით დაეხმარებიან მათ სამსახურში დაბრუნებაში.

საპროტესტო აქციის მონაწილეები მეტალურგიული ქარხნის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ხვდებიან. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ საწარმოში კრიზისული მდგომარეობაა, მსოფლიო ბაზარზე ფოლადზე მოთხოვნა დაეცა და თუ მოთხოვნა გაიზრდება, უხელფასო შვებულებაში გაშვებულ თანამშრომლებს, საწარმოში 10 მარტიდან უკან დააბრუნებენ.