მთავრობა თხილის ტექნიკურ რეგლამენტს დაამტკიცებს

მთავრობა უახლოეს დღეებში თხილის ტექნიკურ რეგლამენტს დაამტკიცებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განუცხადა.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არის წელს თხილის ფასი წინა წლებთან შედარებით ნაკლები, ოთარ დანელია განმარტავს, რომ ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს.

"პირველ რიგში, საუბარია იმაზე, რომ ზოგადად, ბირჟებზე არის კლების ტენდენცია. მეორე - წელს ხარისხი არ არის შესაბამისი. მესამე - არსებობს სპეკულაციური საფუძვლიანი ეჭვები, რომ შესაძლებელია იყოს სხვადასხვა მოცემულობები და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ხარისხის კონტროლი. მნიშვნელოვანია ჩვენ ვიყოთ დარწმუნებულები თითოეული კილოგრამი თხილის ხარისხში, რომელიც ქვეყნიდან გადის. მოგეხსენებათ, რომ სამინისტროში შემოვიდა რამდენიმე წერილი. ჩვენ ამაზე მანამ გვქონდა რეაგირება, ვიდრე ეს საკითხი დღის წესრიგში დადგებოდა. ჯერ კიდევ გასულ წელს სამინისტრომ თხილის რეგლამენტი შეიმუშავა, რომელიც უახლოეს დღეებში მთავრობაზე დამტკიცდება და შემდეგ ეს პრობლემა დღის წესრიგში ამ კუთხით აღარ იქნება, თუმცა არის სხვა მიმართულებები, რომელიც გულისხმობს, მათ შორის, ქართული თხილის პოპულარიზაციას და იმიჯის დამკვიდრებას იმიტომ, რომ ჩვენს ხარისხიან თხილს მთელი მსოფლიო უნდა იცნობდეს, როგორც ქართულ თხილს", - განაცხადა დანელიამ.

რაც შეეხება თხილის ტექნიკურ რეგლამენტს, მინისტრის განმარტებით, ის მოიცავს მეთოდოლოგიურ მიდგომას თხილის ექსპორტის, ბაზარზე განთავსების შემთხვევაში, ეტიკეტირებისა და შემადგენლობის ნაწილში, "რათა ყველაფერი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე".

"ძალიან ბევრი რეგლამენტის დანერგვა მოგვიწია. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა თხილი, რადგან ექსპორტში სოფლის მეურნეობის კუთხით მას ლიდერის პოზიცია აქვს. ამიტომ ჩვენ თადარიგი დავიჭირეთ. ჩვენ ველოდით, რომ ამ მიმართულებით მოთხოვნა გაიზრდებოდა განსაკუთრებით ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის ამოქმედების შემდეგ, რომელსაც ჩვენ 2014 წელს ხელი მოვაწერეთ. სახელმწიფოს მხრიდან ის დავალებები, რაც შესასრულებელი იყო, ჩვენ ჯერ კიდევ გასულ წელს შევასრულეთ და შესაბამისად, დავამტკიცებთ ამ რეგლამენტს", - განაცხადა დანელიამ.