კახა კალაძე - ვმუშაობთ, რომ თითოეულ მოქალაქეს ერთნაირი ტარიფები ჰქონდეს

ვმუშაობთ იმაზე, რომ მოვახდინოთ ტარიფების გათანაბრება მთელი საქართველოს მასშტაბით , - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს გურჯაანში განუცხადა, როდესაც ინფორმაციას გამოეხმაურა, რომ თელავში ბუნებრივი აირის ტარიფი იზრდება და 1-ლი აპრილიდან მომხმარებელს 1 კუბურ მეტრზე 48 თეთრის ნაცვლად, 59 თეთრის გადახდა მოუწევს.

როგორც კალაძემ განმარტა, ეს არის 2008-2009 წელს მიღებული გადაწყვეტილება, სოციალური სეგმენტის ნაწილობრივ დერეგულირება.

"ეს გაკეთდა მიზანმიმართულად წინა ხელისუფლების დროს, რომ წახალისება მომხდარიყო გაზიფიცირების სამუშაოების, განსაკუთრებით რეგიონებისთვის, რომ არა მხოლოდ "სოკარს" და სახელმწიფოს ეწარმოებინათ სამუშაოები, არამედ კერძო კომპანიებს, ვისაც სურვილი ექნებოდა. ზუსტად ეს მაგალითი გვაქვს დღეს სახეზე. სახელმწიფო და ვერც მარეგულირებელი კომისია ვერ ჩაერევა, რადგან ეს არის დერეგულირებული სეგმენტი", -განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ზოგადად ეს პრობლემა არა მარტო კახეთს უდგას, არამედ სხვადასხვა რეგიონებსაც, მათ შორის თბილისსაც.

"მაგალითად მუხიანის დასახლებაში არის 2 ლიცენზიანტი კომპანია და აბონენტების ერთ ნაწილს აქვს უფრო დაბალი ფასი, მეორე ნაწილს - უფრო მაღალი. მე ვფიქრობ, ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა. ვმუშაობთ იმაზე, რომ მოვახდინოთ ტარიფების გათანაბრება მთელი საქართველოს მასშტაბით და ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ერთნაირი ტარიფები და არა განსხვავებული", -განაცხადა კალაძემ.