არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ბედნიერების მინისტრი ეყოლება

ნავთობით ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ქვეყანაში - არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ბედნიერების მინისტრის პოსტი შეიქმნება.

ქვეყნის პრემიერის შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმის განცხადებით, სახელმწიფო მინისტრი ბედნიერების საკითხებში მოქალაქეების ბედნიერების უზრუნველყოფაზე იმუშავებს.

"შეიქმნება ახალი პოზიცია, ბედნიერების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, რომელიც სოციალური სიკეთეებისა და კმაყოფილების კუთხით მთავრობის პოლიტიკაზე იმუშავებს", - დაწერა ქვეყნის პრემიერმა "ტვიტერზე".

გასულ კვირას შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდმა "ტვიტერზე" ასევე დაწერა, რომ სურს მინისტრად დანიშნოს 25 წლამდე ასაკის ადამიანი, რომელიც ახალგაზრდების საკითხებზე იმუშავებს. ამასთან, როგორც შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმმა აღნიშნა, იგეგმება რამდენიმე სამინისტროს გაერთიანება და ტოლერანტობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტის შექმნაც.

2015 წლის მსოფლიო ბედნიერების ინდექსში, არაბთა გაერთიანებული საამიროები მე-20 პოზიციაზე აღმოჩნდა.

თუ საამიროებში ბედნიერების სამინისტრო შეიქმნება, ის გახდება პირველი ქვეყანა, რომელსაც მსგავსი უწყება ექნება.