კახა კალაძე აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ანგარიშს საქართველოს მხარში დგომის ფაქტად აფასებს

ვიცე-პრემიერი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ანგარიშს საქართველოს მხარში დგომის ფაქტად აფასებს.

მინისტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლება, პარტნიორების დახმარებით რუსული პროპაგანდის საპირისპიროდ მუშაობს.

"აშშ-მა რეალურად და ობიექტურად შეაფასა ის საფრთხეები, რაც შეიძლება პროპაგანდისტული მიმართულებით გაძლიერდეს საქართველოში, მითუმეტეს საარჩევნო წელია. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენი მეგობრების თანადგომას და ამ ანგრიშს განვიხილავთ, როგორც დახმარების, მხარში დგომის ფაქტს. არავის აქვს ილუზია, რომ ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკურად სტრატეგიული მდებარეობის გამო, ჩვენ არ შევდივართ ისეთი მეზობლის ინტერესების სფეროში, როგორიცაა რუსეთი. ჩვენი ხელისუფლება, მეგობრების დახმარებით მუშაობს რუსული პროპაგანდის საპირისპიროდ და ერთობლივი ძალისხმევით, პროცესი კონტროლის და ყურადღების ქვეშაა. საქართველოს მოსახლეობამ მტკიცე არჩევანი გააკეთა ევროატლანტიკური სივრცის სასარგებლოდ და ამ არჩევანის შეცვლას არც საზოგადოება და არც მთავრობა არ აპირებს", - განაცხადა კახა კალაძემ.

ვიცე-პრემიერის აღნიშნულ კომენტარს კახა კალაძის პრესსამსახური ავრცელებს. აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, ჯეიმს კლაპერის აზრით, საქართველომ რუსეთის ზეწოლის პირობებში შესაძლოა, სტრატეგიული დასავლური ორიენტაცია შეიცვალოს. ამის შესახებ კლაპერი ყოველწლიურ მოხსენებაში საუბრობს.

"მაშინაც კი, როდესაც საქართველო რეფორმებით პროგრესს განიცდის, მისი პოლიტიკა პოლიტიკური კონკურენციის ზრდის ფონზე მერყევი იქნება. ეკონომიკური გამოწვევები მთავრობისთვის მთავარი პოლიტიკური სისუსტე გახდება 2016 წლის არჩევნებამდე. საქართველოს ელიტებსა და საზოგადოებაში იმედგაცრუების ზრდა, დასავლეთთან ინტეგრაციის შენელებისა და ეფექტური რუსული პროპაგანდის ზრდასთან ერთად ზრდის იმის შესაძლებლობას, რომ თბილისმა შესაძლოა, შეანელოს ან შეწყვიტოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მცდელობები. რუსეთთან დაძაბულობა კვლავ მაღალი იქნება და, ჩვენი შეფასებით, მოსკოვი გაზრდის თბილისზე ზეწოლას იმისათვის, რომ ევროკავშირთან და ნატო-სთან კავშირები შეწყვიტოს", - აღნიშნულია დოკუმენტში.