კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ შპს "ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტის" წინააღმდეგ დავის განხილვა დაიწყო

საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ სს "სილქნეტის" განცხადების საფუძველზე, შპს "ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტის" წინააღმდეგ დავის განხილვა დაიწყო.

როგორც კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში აცხადებენ, სს "სილქნეტი" სადავოდ ხდის შპს "ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტისთვის" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების შეთავაზების წინადადების (ოფერტის) პირობების დაუცველობას და მომსახურების საფასურის გარკვეული ნაწილის გადაუხდელობას.

"სს "სილქნეტის" მოთხოვნაა, დაევალოს შპს "ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტს" 62 175 ლარის ოდენობით დავალიანების დაფარვა, ასევე აღნიშნული დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში და მხარეებს შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმებამდე, მიეცეს სს "სილქნეტს" უფლება, შეუწყვიტოს შპს "ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტს" მომსახურების გაწევა.

კომისიამ, "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, აღნიშნული დავის განხილვა მიიღო წარმოებაში", - ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

მათივე განმარტებით, საკითხის არსებითი განხილვის სხდომა, სადაც მოდავე მხარეებს საკუთარი არგუმენტაციის წარმოდგენის შესაძლებლობა ექნებათ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს, 15:00 საათზე გაიმართება. სხდომა საჯაროა.