კომერციულ ბანკებსა და ონლაინსაკრედიტოებს შორის კონკურენცია მძაფრდება?

ონლაინსაკრედიტო ორგანიზაციები ქართულ ბაზარზე პირველად 2013 წელს გამოჩნდნენ და მას შემდეგ საუბრები მათ მიერ მიღებულ ყოველწლიურ კოლოსალურ მოგებებზე არ წყდება.

ბოლო პერიოდში მცირე მოცულობის ექსპრეს სესხების გაცემის სეგმენტში ბანკების ნაწილიც შევიდა. მართალია, ექსპერტთა მოსაზრებით, ბანკები და ონლაინსაკრედიტო ორგანიზაციები სხვადასხვა პლატფორმაზე "იბრძვიან“, მაგრამ ფაქტია, რომ მოკლევადიანი და სწრაფი სესხების ეფექტურობა ბანკებსაც არ დარჩენიათ ყურადღების მიღმა.

მომხმარებლებს ე.წ. ექპრეს-სესხებს კომერციული ბანკები სულ უფრო აქტიურად სთავაზობენ. 2015 წლის ნოემბერ-დეკემბრის მონაცემებით, ბანკების მიერ ეროვნულ ვალუტაში გაცემულია 2 281 554 რაოდენობის 1000 ლარამდე სესხი.

1 წუთში, მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე 300 ლარამდე სესხს გასცემს "ლიბერთი ბანკი". ლიბერთი ექსპრეს სესხის აღება მომხმარებელს როგორც ბანკში, ასევე ონლაინ ან დისტანციური არხების გამოყენებით შეუძლია. ექსპრეს სესხს მაქსიმალური, 700 ლარის ოდენობით გასცემს "საქართველოს ბანკიც“.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ვაჟა კაპანაძე მიიჩნევს, რომ კონკურენცია კომერციულ ბანკებსა და ონლაინსაკრედიტო ორგანიზაციებს შორის ამ უკანასკნელს დააზარალებს. ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ონლაინსაკრედიტოები კიდევ უფრო ეფექტური ხერხების გამოყენებით ეცდებიან სამომხმარებლო სეგმენტის შენარჩუნებას, რაც მათ საბოლოოდ გარკვეულ მაქინაციურ სქემამდე მიიყვანს.

"ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციები გაღარიბებულ მოსახლეობას ნერვზე შეეხნენ. მათ დაიმკვიდრეს ნიშა, რომელიც ბანკებს აუთვისებელი ჰქონდათ. მცირე და საშუალო ოპერატიული სესხებისთვის კომერციული ბანკები მოუქნელები იყვნენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ისინი თანდათან მოახერხებენ ადაპტირებას“, - აცხადებს ვაჟა კაპანაძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელის გიორგი კეპულაძის განცხადებით, საქართველოში მცირე და მოკლევადიან სესხებზე ძალიან დიდი მოთხოვნაა და ონლაინსაკრედიტო ორგანიზაციების მიერ გაცემული სესხების ასეულათასობით ჩანაწერი ყოველწლიურად ჩნდება კრედიტინფოში.

გიორგი კეპულაძის თქმით, გაზრდილი მოთხოვნა შეუმჩნეველი არც ბანკებს დარჩენიათ და სწორედ ამიტომ, მათაც დაიწყეს ექსპრეს სესხების შეთავაზება თავიანთი მომხმარებლისთვის. თუმცა ,,საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ონლაინსაკრედიტო კომპანიების ბანკების კონკურენტად განხილვა არ არის მართებული, რადგან ონლაინსაკრედიტო ორგანიზაციებს გაცილებით ნაკლები შესაძლებლობები, კაპიტალი და პორტფელი აქვთ.

"ბანკების მთავარი შემოსავალი, რა თქმა უნდა, არ არის მცირე ტიპის სესხები. ბანკების შემთხვევაში საქმე გვაქვს მცირე, არაუზრუნველყოფილ სესხებთან. ეს არ არის პირდაპირი გაგებით ონლაინ სესხები. იმ სეგმენტზე, რაზეც დღესდღეობით მუშაობენ ონლაინსესხების კომპანიები, თანდათან ბანკებიც შედიან, თუმცა მთავარი განსხვავება მათ შორის არის ის, რომ ბანკები არ გასცემენ მცირე სესხსაც კი, თუ საკრედიტო ისტორიაში მომხმარებელს ნეგატიური ჩანაწერი აქვს. ონლაინსაკრედიტო ორგანიზაციები კი პირიქით, სესხებს იმ სეგმენტზე გასცემენ, რომელთა გადახდისუნარიანობაც საკმაოდ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. რეალურად ონლაინსესხს ირჩევს ის, ვისაც ბანკი სესხს არ აძლევს. გადახდის გამო პრობლემები ონლაინ კომპანიებთან გაციელებით უფრო ბევრ ადამიანს ექმნება, ვიდრე ბანკებთან“, - აცხადებს კეპულაძე.

ექსპერტი საბანკო საკითხებში ლია ელიავა კი მიიჩნევს, რომ ონლაინ გამსესხებლებსა და კომერციულ ბანკებს შორის კონკურენციის დონე ნულოვანია.

"მათ შორის კონკურენცია არ არსებობს, ისინი სხვადასხვა სიბრტყეში საქმიანობენ, ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციები იმ კატეგორიასთან თანამშრომლობენ, რომელთაც ბანკთან არ მიესვლებათ, სეგმენტთან, რომელსაც არ გააჩნია მუდმივი შემოსავალი.“

კომერციული ბანკების საქმიანობაში მიკრონული სესხის გაცემის ტენდენციას ლია ელიავა ორ ძირითად ფაქტორს, მოსახლეობის გაღარიბების ტენდენციასა და კომერციული ბანკების მხრიდან გრძელვადიანი სესხების გაცემის შეზღუდვას უკავშირებს.

ქრისტინე გამთენაძე