სემეკ-მა მოქალაქეებს 96 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

სემეკ-მა მოქალაქეებს 96 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა. როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, სემეკ-მა საჯარო სხდომაზე მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებულ დავებზე იმსჯელა.

"ამჯერადაც, დავების უმეტესობა შეეხებოდა ხანდაზმულ დავალიანებებს, უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებსა და კომპანიის დადგენილებებს აბონენტთა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნობის თაობაზე. კომისიის გადაწყვეტილებებით უსაფუძვლო დარიცხვებად მიჩნეული და ჩამოწერილი თანხების ოდენობამ ჯამში 96 954 ლარი შეადგინა", - ნათქვამია განცხადებაში.

კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, სემეკ-ს ან სემეკ-თან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს მიმართონ.

მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ცხელ ხაზზე - 242 01 80, ასევე Facebook-ის კომისიის ოფიციალურ გვერდზეც.