ტყიბულის გამგეობის თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელი გიორგი კუპრაშვილი დააკავა.

როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული კორუფციულ გარიგებაში შევიდა ერთ-ერთ მეწარმესთან, მას დაჰპირდა, რომ აუცილებლად გაამარჯვებინებდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ 547 778 ლარიანი სამშენებლო ტენდერში, სანაცვლოდ კი ტენდერის ღირებულების 25 პროცენტი - 136 944 ლარი მოსთხოვა.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ბრალდებული საგამოძიებო სამსახურმა მოთხოვნილი ქრთამის ნაწილის - 10 000 ლარის აღების ფაქტზე დააკავა. თანხა ნივთმტკიცების სახით ამოღებულია.

ტყიბულის გამგეობის დაკავებულ თანამშრომელს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულით წარედგინა, რაც სასჯელის სახით 6-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.