აღსრულების ეროვნული ბიურო მორიგ საინფორმაციო ბარათს აქვეყნებს

აღსრულების ეროვნული ბიურო პრევენციული ხასიათის მორიგ საინფორმაციო ბარათს აქვეყნებს. როგორც აღსრულების ეროვნულ ბიუროში აცხადებენ, აღნიშნული ბარათის თემაა - არაუზრუნველყოფილი მოთხოვნა.

აღსრულების ეროვნული ბიუროს განმარტებით, არაუზრუნველყოფილი მოთხოვნა არის ფინანსური ვალდებულება, როდესაც კრედიტორის მოთხოვნა არ არის უზრუნველყოფილი რაიმე ქონებით.

როგორც აღსრულების ეროვნული ბიუროში აცხადებენ, კრედიტორის მომართვის საფუძველზე სააღსრულებო წარმოება შეიძლება დაიწყოს სასამართლოს, ადმინისტრაციული ორგანოებისა და ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის, აღსრულების ეროვნული ბიუროს გადახდის ბრძანების საფუძველზე.

სააღსრულებო წარმოების დასაწყებად აუცილებელია შემდეგი დოკუმენტაცია - კრედიტორის წერილობითი განცხადება; აღსასრულებელი დოკუმენტის დედანი; აღსასრულებელი გადაწყვეტილება; პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მინდობილობა (თუკი დოკუმენტაცია შემოაქვს წარმომადგენელს).

სააღსრულებო ფურცლის ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში კრედიტორი იხდის აღსრულების საფასურს, მოთხოვნილი თანხის 2%-ს (არანაკლებ 50 ლარისა).

"სააღსრულებო წარმოების დაწყებისთანავე მოვალე რეგისტრირდება აღსრულების ეროვნული ბიუროს მოვალეთა რეესტრში და საკუთრებაში რიცხული ქონების განკარგვის უფლება ეზღუდება", - ნათქვამია განცხადებაში.