დავით ნარმანიამ კრწანისის რაიონში სანიაღვრე კოლექტორის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კრწანისში, რაიონის გამგებელ გიორგი კოპალეიშვილთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილთან ერთად, სანიაღვრე კოლექტორის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, სამუშაოების ფარგლებში ზემო ფონიჭალაში, ანდრო ჟორდანიას ქუჩასა და ქვემო ფონიჭალაში მდინარე მტკვრამდე 1 225 მეტრი სიგრძის სანიაღვრე კოლექტორის მოწყობა მიმდინარეობს.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება.

"კერძოდ, სრულად აღდგება სანიაღვრე სისტემა, ასევე გაიწმინდება ის დაჭაობებული ტერიტორიები, რომელიც პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას.

ეს არის მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც ამ უბნის მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებდა. საკმაოდ დიდი დასახლებაა და ამ დასახლებისთვის ეს პრობლემა აღნიშნული პროექტის განხორციელებით მთლიანად გვარდება. ჩვენ, როგორც კი პროექტი მოვამზადეთ და შესაბამისი რესურსები გაგვიჩნდა, დაუყოვნებლივ დავიწყეთ სამუშაოები. პროექტს ზაფხულამდე მოვრჩებით და ამით მოსახლეობას მთლიანად სანიაღვრე და დაბინძურებული წყლის პრობლემა მოეხსნება. ერთნაირად კარგი საქმე კეთდება, როგორც მოსახლეობისთვის, ასევე რკინიგზისთვის და იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მიმდებარე ტერიტორიაზე ფუნქციონირებენ", - განაცხადა ნარმანიამ.

მერიის ინფორმაციით, პროექტის ჯამური ღირებულება 820 000 ლარია და ის 2016 წლის 1 ივნისს დასრულდება.