კომუნიკაციების კომისია "ადამიანის უფლებათა ცენტრის" საჩივარს ტელეკომპანია "იმედის" წინააღმდეგ განიხილავს

ტელეკომპანია "იმედმა" ეთერში სოციალური რეკლამის უფასოდ განთავსებაზე უარი განაცხადა. როგორც კომუნიკაციების მარგულირებელ კომისიაში აცხადებენ, აღნიშნულთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრმა" კომისიაში შპს "ტელეიმედის" წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა, რომელიც კომისიამ წარმოებაში მიიღო.

"საჩივარში აღნიშნულია, რომ ორგანიზაციამ დაამზადა სოციალური რეკლამა და წერილით მიმართა შპს "ტელეიმედს" ეთერში მისი განთავსების თაობაზე. მიწოდებული აუდიო-ვიზუალური მასალა განეკუთვნება სოციალური რეკლამის კატეგორიას, რომელიც მიმართულია საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისაკენ, ხოლო "ადამიანის უფლებათა ცენტრი" არის არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი, რომლის საქმიანობაც არ არის მიმართული მოგების მიღებაზე და ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს.

არასამთავრობო ორგანიზაციის მოთხოვნაა, კომისიამ განიხილოს აღნიშნული საჩივარი და დაავალოს შპს "ტელეიმედს" ვიდეო რგოლის სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსება", - განმარტავენ მარეგულირებელ კომისიაში.

მათივე ინფორმაციით, საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ მაუწყებელთა უმრავლესობამ, რომელთაც ცენტრმა მიმართა, რეკლამა უსასყიდლოდ განათავსეს. მათ შორის იყვნენ: შპს "სტუდია მაესტრო", შპს "ტელეკომპანია კავკასია", სსიპ "საზოგადოებრივი მაუწყებელი I", სსიპ "საზოგადოებრივი მაუწყებელი II", შპს "რუსთავი 2", ააიპ "სამოქალაქო განათლების ფონდი", შპს "რადიო პალიტრა", შპს "ქართული რადიო" (რადიო "მაესტრო") და სსიპ "საზოგადოებრივი მაუწყებელი რადიო 1".

საკითხის არსებითი განხილვის სხდომა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2016 წლის 18 თებერვალს, 15:00 საათზე გაიმართება. სხდომა საჯაროა.