ზურაბ ჭიაბერაშვილი - საქართველო არ არის ბიძინა ივანიშვილის ეზო

ციხისძირში, ხეების გადარგვის საწინააღმდეგო აქცია გრძელდება. "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებულ აქციას დღეს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი შეუერთდა.

როგორც ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, "მოქალაქე ბიძინა ივანიშვილმა კანონის დარღვევით მოინდომა ასწლოვანი ხეების საკუთარ ეზოში გადარგვა".

მისივე თქმით, "საქართველო არ არის ბიძინა ივანიშვილის ეზო", სადაც ის შეძლებს ხეების ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადატანას.

"ერთი მოქალაქე თავისი ახირებისა და ხუშტურის გამო იმორჩილებს მთელ სახელმწიფო ინსტიტუტებს. ერთმა ადამიანმა მოინდომა უზარმაზარი, საუკუნოვანი ხეების საკუთარ ეზოში გადარგვა. თან მოინდომა ისე, რომ არანაირ წესს და კანონს არ იცავს. ჩვენ კანონის ფარგლებში შევაჩერებთ ამ უკანონობას და ვაჩვენებთ მთელ ქვეყანას, რომ საქართველო არ არის ბიძინა ივანიშვილის ეზო, სადაც როგორც უნდა, ისე გადარგავს ხეს ერთი ადგილიდან მეორეში", - აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

გუშინ ხეების გადარგვის საპროტესტო აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" ორი წევრი და სამი "პარტიზანი მებაღე" პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან და სასამართლო პროცესს ელოდებიან. პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღის მეორე ნახევარში გაიმართება.