"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" თბილისის ავტოპარკის განახლების საკითხზე მერიას რეკომენდაციებით მიმართავს

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" დედაქალაქის მერიის ინიციატივას ახალი ავტობუსების შესყიდვის შესახებ მიესალმება და რეკომენდაციებით მიმართავს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" პროგრამების ხელმძღვანელმა ერეკლე ურუშაძემ განაცხადა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხარისხის გაუმჯობესება უაღრესად მნიშვნელოვანია თბილისის მდგრადი განვითარებისა და ქალაქში ამჟამად არსებული მძიმე პრობლემების გადაჭრისთვის.

მისი თქმით, თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა მოქალაქეებისთვის ნაკლებად მიმზიდველია, რისი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი მისი მოძველებული ავტოპარკია.

"თბილისის მერმა მიმდინარე წლის 19 იანვარს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემისთვის 150 ახალი ავტობუსის შეძენის შესახებ განაცხადა. ეს ინიციატივა მისასალმებელია, თუმცა მხოლოდ ავტობუსების შემოყვანა მნიშვნელოვნად ვერ გააუმჯობესებს მდგომარეობას, თუ იმავდროულად არ გადაიდგა შემდეგი ნაბიჯები, რათა თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოქალაქეებისთვის უფრო მიმზიდველი გახდეს. პირველი რეკომენდაციაა, ხარისხიანი ავტობუსების შეძენა და მათი მუდმივი ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფა - ბოლო ათწლეულში თბილისის მთავრობამ რამდენჯერმე შეიძინა ახალი ავტობუსები, თუმცა ეს ავტობუსები თავიდანვე ვერ აკმაყოფილებდა მთელ რიგ მნიშვნელოვან მოთხოვნებს. ავტობუსი არ იყო ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებთან და თბილისის კლიმატურ პირობებთან. გარდა ამისა, ახალი ავტობუსების შემდეგ არ წარმოებდა მათი სათანადო ტექნიკური მომსახურება, არც ავტობუსების სწრაფ დაძველებას იწვევდა", - განაცხადა ურუშაძემ.

მისი თქმით, აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას ფეხით მოსიარულეთა უფლებების დაცვა, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებისთვის ქცევის წესების დადგენა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა, ისევე როგორც, მათთვის შრომის სათანადო პირობების უზრუნველყოფა.

"დღემდე შემუშავებული არ არის თბილისის ერთიანი პოლიტიკა ტრანსპორტისა და მობილობის სფეროში. ასეთი პოლიტიკის გარეშე, ქალაქის სხვადასხვა ნაწილში, ბოლო ათწლეულში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები ხშირად ქალაქგეგმარების მოძველებულ საბჭოთა მოდელებს ემყარება", - აცხადებს ერეკლე ურუშაძე.

მისი თქმით, აუცილებელია საზოგადოებრივი ავტოპარკის სწორი მიმართულებით განახლება.

"ჩვენს მიერ გამოთქმული რეკომენდაციები ხელს შეუწყობს თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხარისხისა და მიმზიდველობის ზრდას", - აღნიშნა ურუშაძემ.