ექსპორტზე გატანილი ქართული კრიმინალი

გერმანიაში ქართული კრიმინალი მძვინვარებს. გასული წლის 28 თებერვალს Augsburger Allgemeine-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით „პოლიციამ დააკავა ქართველი ქურდების ბანდა“. 22 მაისს ბავარიის პოლიციამ გამოაქვეყნა პრეს-რელიზი სათაურით „დნმ-ის ტესტმა დაადგინა ქართველი ქურდების ბრალეულობა“. 13 აგვისტოს Bietigheimer Zeitung-ში გამოქვეყნდა სტატია სათაურით „ქართველი ქურდები გისოსებს მიღმა“, რომელშიც ნახსენებია, რომ 2010 წლიდან „ქართველი დამნაშავეების მიერ ჩადენილი ძარცვების რიცხვმა საგრძნობლად იმატა“. 9 ივნისს Südwest Rundfunk-მა გააშუქა ანგარიში, რომლის თანახმადაც „ქართველი დანაშაულებრივი ჯგუფები სისტემატურად იყენებენ პოლიტიკურ თავშესაფარს“. 15 სექტემბერს Stuttgarter Nachrichten-ში გამოჩნდა სათაური „ქართველ კრიმინალებს მაღალი სასჯელი შეუფარდეს“. 13 ნოემბერს პოლიტიკურ ჟურნალში Focus-ში გამოქვეყნდა სტატია „ქართულმა მაფიოზურმა კლანებმა ქურდების ჯგუფი ლტოლვილების სტატუსით შემოიყვანა გერმანიაში“. 2 დეკემბერს Winnender Zeitung-მა გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით „ ქართული ბანდები ირჩევენ „ძარცვას“. ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ სტატიებისა, რომელსაც ნახავთ, თუ გუგლის საძიებო ველში ჩაწერთ „ქართულ ბანდებს“, „ქართულ მაფიას“. გასულ წელს ადგილობრივ თუ რეგიონულ პრესაში უამრავი სტატია იწერებოდა ქართული კრიმინალის შესახებ გერმანიაში.

გერმანიის ფედერალური პოლიციის შიდა, 34-გვერდიანი ანგარიშის – „საქართველო და ქურდობა“ – თანახმად, რომელიც 2014 წლის ბოლოს დაიწერა და ხშირად გამოიყენებოდა გერმანულ მედიაში, ქართული ორგანიზებული კრიმინალის მიერ გერმანიისთვის მაღაზიების ქურდობით მიყენებული ზარალი 250 მილიონ ევროს შეადგენს წელიწადში. ანგარიში ამტკიცებს, რომ ამ საქმიანობის „მოთავენი“ სწორედ საქართველოში არიან, რომლებიც თავიანთ ჯარისკაცებს გზავნიან გერმანიაში, რომელთაც თან აქვთ 5000 ევრო და ინსტრუქცია, როგორ მიიღონ პოლიტიკური თავშესაფარი გერმანიაში. ანგარიში, ასევე, ამტკიცებს, რომ ქართველი ქურდი გერმანიაში 500 ევროს ნადავლს იღებს დღეში.

ქართული კრიმინალის ფენომენი საზღვარგარეთ არახალია. უკვე 2010 წელს ესპანელი პოლიციელების მიერ ჩატარებული ოპერაციის (კოდური სახელწოდებით „ჯავა“) დროს ევროპის 6 ქვეყნის (გერმანიის, იტალიის, საფრანგეთის, ავსტრიის, შვეიცარიისა და ესპანეთის) სამართალდამცავებმა დაარბიეს ევროპაში მოქმედი ქართული მაფია. დააპატიმრეს 109 ეჭვმიტანილი (48 ავსტრიაში, 24 ესპანეთში, 22 გერმანიაში, 11 შვეიცარიაში და 4 იტალიაში), თუმცა მაფიოზური კლანის სავარაუდო მეთაურმა, ლაშა შუშანაშვილმა მოახერხა გაქცევა.

შესაძლო პოლიტიკური შედეგები

საქვეყნოდ გავრცელებული მოსაზრება, რომ ქართველების სახელი უკავშირდება კლანურ დანაშაულს, კერძოდ კი, ქურდობას, საფრთხეს წარმოადგენს ჯერ კიდევ 2007 წლიდან (როდესაც ბულგარეთი და რუმინეთი გახდნენ ევროკავშირის წევრები). 2014 წელს 152,000 მეტი ქურდობის შემთხვევა დააფიქსირა პოლიციამ, მაშინ, როდესაც 2007 წელს ეს რიცხვი 109,000-ს არ აღემატებოდა. ქურდობის მაჩვენებელი გაიზარდა 40%-ით. პოლიციის მიერ გამოძიებული და გახსნილი ქურდობის შემთხვევების რაოდენობა, როგორც ყოველთვის, ძალიან დაბალია. 2014 წელს მხოლოდ 16%-ის შემთხვევაში დადგინდა მძარცველის ვინაობა. გერმანულმა პოლიციამ, რომელიც, როგორც წესი, ყოვლად უძლურია მსგავსი პრობლემების შემთხვევაში, გასული წლიდან დაიწყო საზოგადოებისთვის რჩევების მიცემა, თუ როგორ დაიცვან საკუთარი ქონება მძარცველებისგან. მთავრობა განიხილავდა უსაფრთხოების სისტემების გამოყენების გადასახადებისგან გათავისუფლებას. თუმცა ამას სასურველი შედეგი არ მოჰყოლია. პირიქით, მსგავსი ზომები მოასწავებს პოლიციისა და მთავრობის გადადგომას, რომელიც, როგორც ჩანს, ნებდება აშკარად უმართავი კრიმინალის პრობლემას. ქურდობის შემთხვევების მატებამ გავლენა მოახდინა ევროკავშირის გაფართოების იდეის პოპულარობის დაცემაზე. სწორედ ევროკავშირს ადანაშაულებენ აღმოსავლეთ ევროპის დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებისთვის საზღვრების მოშლასა და ცუდი ზრახვების მქონე ადამიანებისთვის ევროპაში იმიგრაციის პროცესის გამარტივებაში.

ეს ყველაფერი ძალიან სამწუხაროა, რადგან ადამიანთა მცირე ჯგუფი სახელს უტეხს წესიერი და კანონმორჩილი ქართველების 99%-ს. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის პოლიტიკური შედეგები, რაც შეიძლება ამ ყველაფერს მოყვეს. მილიონობით ლტოლვილის შემოდინებასთან ერთად ევროპაში სულ უფრო და უფრო ძლიერდებიან მემარჯვენე პარტიები, განსაკუთრებით საფრანგეთში, სადაც Front National-მა რეგიონული საბჭოების არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავა. ასეთ პოლიტიკურ გარემოში, რომელშიც იმიგრაციის საკითხების აგიტაცია და პოლარიზაცია მძვინვარებს, ეროვნული პარლამენტები აპირებენ სავიზო შეზღუდვების მოხსნას საქართველოსა და უკრაინისთვის. მემარჯვენე პარტიებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, რომლებიც, როგორც კი ხელსაყრელი მომენტი ჩაუვარდებათ, გააღვივებენ დისკუსიას სავიზო ლიბერალიზაციაზე (რომელიც ძლივს დაიწყო), ზომიერი პარტიებისთვის ძალიან მარტივი იქნება სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის შეჩერება. ამისთვის მისი ფორმალურად გაუქმებაც კი არ არის საჭირო. საკმარისი იქნება ახალი სავიზო რეჟიმის რატიფიკაციის გადადება.

განაგრძეთ კითხვა