ლაგოდეხში ბიო მარწყვის პირველ მოსავალს თვის ბოლოს მიიღებენ

ლაგოდეხის მუნიციპლაიტეტში ეკოლოგიურად სუფთა მარწყვის მოყვანა დაიწყეს.

ესპანური ჯიშის მარწყვის სათბური ნოდარ დარეჯანაშვილმა სოფელ ნინოგორში საკუთარი ფინანსური სახსრებით ააშენა და ხილის პირველ მოსავალს თვის ბოლოს ელოდება.

,,სათბურში მოგვყავს ესპანური ჯიშის მარწყვი. პირველ ჯერზე თვის ბოლოსთვის ერთ ტონამდე მოსავალს ველოდებით. ახლა ვზრუნავთ პროდუქციის რეალიზაციაზე, მოლაპარაკებას ვაწარმოებთ სუპერმარკეტების მფლობელებთან. თუ გაამართლებს, პროდუქტის წარმოებას გავზრდით. ხილი არ არის გენმოდიფიცირებული, ეკოლოგიურად სუფთაა", - განუცხადა Knews.ge-ს ნოდარ დარეჯანაშვილმა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაგოდეხის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის უფროსის გელა ნატროშვილის განცხადებით, სათბურის აშენების დროს ფერმერს კონსულტაცია გაუწიეს და რჩევებიც მისცეს.

,,ლაგოდეხში სოფელ ნინოგორში ფერმერმა საკუთარი ფინანსური სახსრებით ააშენა მარწყვის სათბური. ჩვენი ორგანიზაცია მას გვერდში უდგას შეძლებისდაგვარად და ვუზიარებთ ჩვენს ცოდნას, ვაძლევთ რეკომენდაციებს. იმ შემთხვევაში, თუ სხვები გადაწყვეტენ მსგავსი ან სხვა სათბურის გაშენებას, ყველას შეუძლია მოგვმართოს დახმარების მიზნით. მარწყვის სათბურში ფერმერს დამონტაჟებული აქვს რწყვის წვეთოვანი სისტემა", - განუცხადა Knews.ge-ს გელა ნატროშვილმა.

წყარო: Knews.ge