ნოდარ ხადური - საგადასახადო შემოწმებას მხოლოდ შემოსავლების სამსახური განახორციელებს

კანონში ცვლილების შემდეგ, საგადასახადო შემოწმებას საგამოძიებო სამსახური აღარ ჩაატარებს და ამას განახორციელებს მხოლოდ შემოსავლების სამსახური. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ხადურმა აღნიშნა, მთავრობას პარლამენტისთვის რამდენიმე საინტერესო წინადადება აქვს, ასევე იმისათვის, რომ ხელი შეუწყონ ბიზნესის განვითარებას, ეკონომიკურ ზრდას და ინვესტიციებს.

"კერძოდ, იმპორტიორი, რომელიც ძირითად საშუალებებს იყენებს დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ოპერაციებში, ძირითადი საშულების იმპორტისას დღგ-ს აღარ გადაიხდის. საუბარი შეეხება იმას, რომ თუკი საწარმოს შემოაქვს მანქანა-დანადგარები, ის საზღვარზე ამ მანქანა-დანადგარებზე აღარ გადაიხდის დღგ-ს და არათუ საზღვარზე, საერთოდ აღარ გადაიხდის", - განაცხადა ხადურმა.

მისივე თქმით, კანონში, რომელიც პარლამენტში მოგების გადასახადთან ერთად შევა, ამ კანონში ცვლილების შემდეგ საგადასახადო დავის პერიოდში პირის საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება მოხდება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით.

"დღეს შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია ყადაღა დაადოს სასამართლოს გარეშე. შემოსავლების სამსახური აუცილებლობის შემთხვევაში განახორციელებს აღნიშნულ ქმედებას, მაგრამ 48 საათში სასამართლოსგან მან უნდა მიიღოს თანხმობა. თუ ვერ მიიღებს თანხმობას, ყადაღა ჩაითვლება მოხსნილად", -განმარტა ხადურმა.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ასევე სიახლეა ისიც, რომ საგადასახადო შემოწმებას განახორციელებს მხოლოდ საგადასახადო ორგანო.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური საგადასახო შემოწმებებს აღარ ჩაატარებს. ამას ჩაატრებს მხოლოდ შემოსავლების სამსახური", - განაცხადა ხადურმა.

მისივე ინფორმაციით, ასევე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გადასახადების გადამხდელებს, რომელთაც არ უფიქსირდებათ აქტივობები, ჩამოეწერებათ დავალიანებები, რომელიც მათ დაუფიქსირდათ 2011 წელს.