თანაინვესტირების ფონდი 2 მლრდ დოლარის მოცულობის 10 პროექტს ახორციელებს

თანაინვესტირების ფონდი ამ ეტაპზე 10 პროექტს ახორციელებს, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა 2 მილიარდი აშშ დოლარია, - ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ბაჩიაშვილმა განაცხადა.

გიორგი ბაჩიაშვილმა აღნიშნული პროექტები დაასახელა, ესენია - სათბურების პროექტი, რომელიც გარდაბანში მდებარეობს, "მტკვარი ჰესი", "აქსის თაუერსი", "პანორამა თბილისი", შეკვეთილის სასტუმრო, "ონი ჰესი", "ცხენისწყლის ჰესი".

"ასევე ვმუშაობთ ერთ-ერთ მსხვილ აგროპროექტზე, რომელიც მოიცავს 1 000 ჰექტარი მიწის დამუშავებას, სადაც მოხდება სხვადასხვა პროდუქციის მოყვანა. მომავალში აქ მოიაზრება მსხვილი ფერმის მშენებლობა", - განაცხადა ბაჩიაშვილმა.

რაც შეეხება სავაჭრო ცენტრს - "გალერეა თბილისს", რომლის მშენებლობაც რუსთაველის გამზირზე ყოფილი უნივერმაღის შენობის ადგილას მიმდინარეობს, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, აღნიშნული პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულებაა 77 მილიონი აშშ დოლარი.

მისივე თქმით, "გალერეა თბილისი" 2017 წლის სექტემბერში გაიხსნება და მასში წარმოდგენილი იქნება საშუალო, საშუალოზე მაღალი დონის ბრენდები.

"ველაპარაკებით რამდენიმე ისეთ ბრენდს, რომელიც საქართველოში არ არის წარმოდგენილი. უახლოეს მომავალში განვაცხადებთ მათ ვინაობას", - აღნიშნა ბაჩიაშვილმა.