ფინანსთა სამინისტრო საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებზე განცხადებას ავრცელებს

ფინანსთა სამინისტრო საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, უწყებამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი მოამზადა, რომელიც საგადასახადო ლიბერალიზაციის კუთხით მნიშვნელოვან სიახლეებს ითვალისწინებს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილების ძირითადი ნაწილი ეხება მოგების გადასახადის რეფორმას, რომელიც ე.წ. ესტონურ მოდელს ეფუძნება. აღნიშნული მოდელის მიხედვით, მოგების რეინვესტირების შემთხვევაში, კომპანიები მოგების გადასახადს არ გადაიხდიან. მოგება დაიბეგრება მხოლოდ მისი განაწილების, დივიდენდად გაცემის შემთხვევაში.

სამინისტოში მიაჩნიათ, რომ რეფორმა საქართველოს ეკონომიკის არაერთ მიმართულებაზე დადებით გავლენას მოახდენს, კერძოდ, დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში (რასაც ადასტურებს უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევა და პროგნოზები); პოზიტიური გავლენა ექნება ქვეყანაში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების კუთხით (რაც გრძელვადიან პერიოდში დადებითად იმოქმედებს ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის სტაბილურობაზე); ხელს შეუწყობს ფინანსურ რესურსებზე კომპანიების ხელმისაწვდომობის ზრდას. განსაკუთრებით, ეს შეეხება მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს (ესტონეთში ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ რეფორმამ ყველაზე დიდი ეფექტი სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესზე მოახდინა); რეფორმის შედეგად ეკონომიკაში გაიზრდება პროდუქტიულობა; გაიზრდება ბიზნესში არსებული აქტივების ლიკვიდურობა; გაიზრდება კაპიტალის მოცულობა; შემცირდება გარე ფინანსური შეზღუდვები; ბიზნესს ექნება მეტი შესაძლებლობა განვითარებისთვის; ჩამოყალიბდება მიმზიდველი კლიმატი ბიზნესის დაწყების და წარმოების კუთხით, რაც გაზრდის ახალი, პოტენციური ინვესტორების დაინტერესებას საქართველოსადმი. შედეგად გაიზრდება ინვესტიციების, მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა; გაიზრდება ბიზნესის კრიზისისადმი მდგრადობა; გამარტივდება საგადასახადო აღრიცხვა და ადმინისტრირება.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მოგების გადასახადი რეფორმის, კერძოდ, ე.წ. ესტონური მოდელის შესწავლაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ერთ წელზე მეტ ხანს იმუშავა. შედგა ქართული დელეგაციის ვიზიტი ესტონეთში, სადაც ქართული მხარე აღნიშნული სისტემის ფუნქციონირებას გაეცნო.

გარდა ამისა, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის "მმართველობა განვითარებისთვის" (G4G) მხარდაჭერით, მომზადდა მოგების გადასახადის ესტონური მოდელის მიხედვით რეფორმის გავლენის შეფასების დოკუმენტი. აღნიშნულ პროცესში ჩართულები იყვნენ როგორც ადგილობრივი ისე ესტონელი ექსპერტები; დოკუმენტში გაანალიზებულია თუ რა შედეგების მომტანი იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის ესტონური მოდელის მიხედვით აღნიშნული რეფორმის განხორციელება.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ექსპერტების მიერ რეფორმის საქართველოში განხორციელება შეფასებულია ცალსახად დადებითად. კერძოდ, ეს იქნება რეფორმა, რომელიც მიმართულია ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული საგადასახადო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მოგების გადასახადის რეფორმის გარდა, მნიშვნელოვანი ცვლილებები ხორციელდება საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მხრივ. კერძოდ, საგადასახადო დავის პერიოდში პირის საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება განხორციელდება მხოლოდ სასამართლოს თანხმობით; საგადასახადო შემოწმებას განახორცილებს მხოლოდ საგადასახადო ორგანო; კომპანია, რომელიც ძირითად საშუალებებს იყენებს დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ოპერაციებში, ძირითადი საშუალების იმპორტისას აღარ გადაიხდის დღგ-ს თანხას;

გარდა ამისა, გადამხდელებს, რომელთაც აქტივობები არ უფიქსირდებათ, ჩამოეწერებათ - 2011 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი დავალიანების თანხა და 2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ დავალიანებაზე დარიცხული სანქციები, ძირითადი თანხის გადახდის პირობით.