ხვალ "მაგის" კოლექციის აბრეშუმის შარფების გამოფენა გაიმართება

საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, ხვალ გალერეა ,,მაგის" აბრეშუმის შარფების გამოფენა გაიმართება.

როგორც კომპანია "გალფში" აცხადებენ, გამოფენა ხვალ 18:00 საათზე გაიხსნება, რომელზეც ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება 50-მდე აბრეშუმის შარფი ,,მაგის" კოლექციიდან.

ორგანიზატორების განცხადებით, თითოეული მათგანი ცნობილი მხატვრების ესკიზების მიხედვითაა შექმნილი. მათ შორის, ისეთი მხატვრების მიერ როგორებიც არიან - ჟორჯ ბრაკი, მარკ შაგალი, ხუან მირო, ალბერტო ჯაკომეტი, ფერნანდ ლეჟე, ერიკ დიეტმანი, ანტონი ტაპიესი. მხატვრები სპეციალურად აბრეშუმის შარფებისთვის ქმნიდნენ ესკიზებს, რაც ამ შარფების უნიკალურობას განაპირობებს.

მათივე თქმით, მარგარეტ და ემე მაგების ფონდი დაფუძნდა მოდერნისტული და თანამედროვე ხელოვნების სხვადასხვა ფორმის წარმოსაჩენად. მუზეუმი მოიცავს ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან, თანამედროვე ფერწერის, სკულპტურის და გრაფიკის კოლექციას.

"აღნიშნული ექსპოზიცია ხაზს უსვამს აბრეშუმის გზის მნიშვნელობას და მის მხატვრულ ინტერპრეტაციას წარმოადგენს. გამოფენა მიზნად ისახავს, ქართულ-ფრანგული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას და ქართული სახელოვნებო სივრცის ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობას", - აცხადებს გამოფენის ორგანიზატორი ხელოვნებათმცოდნე მაცაცო ჭინჭარაული.

გამოფენის ფარგლებში საქართველოს მაგების ოჯახის წარმომადგენელი და ლიონის ბროშიეს აბრეშუმის ფაბრიკის დირექტორი სედრიკ ბროშიე ესტუმრება.

გამოფენის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, საფრანგეთის საელჩო და ფრანგული ინსტიტუტი საქართველოში, სასტუმროების ქსელი ,,რუმსი" და ნავთობკომპანია ,,გალფი".

გამოფენა 2016 წლის 23 თებერვლამდე გაგრძელდება.