თბილისის მერიის პრესსამსახური თანხების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება

თბილისის მერიის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახური ცალკეული ჯგუფების მხრიდან თანხების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, საქმე ეხება საინფორმაციო, ფოტო და ვიდეო მომსახურების გაწევის შესახებ გამგეობებსა და საინფორმაციო სააგენტოებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებს.

"გვინდა განვაცხადოთ, რომ მსგავსი მომსახურების შეძენა საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის მუშაობის შემადგენელი ნაწილია და საზოგადოების ინფორმირებას ემსახურება. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ წლის განმავლობაში გამგეობების მიერ არაერთი პროექტი ხორციელდება, რომლის მიმდინარეობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება საჭიროდ მიგვაჩნია. აღსანიშნავია, რომ გამგეობებში არ არსებობს ოპერატორის შტატი, ასევე, მათ არ გააჩნიათ საკუთარი აპარატურა. შესაბამისად, ისინი ზემოთ ხსენებულ მომსახურებას საინფორმაციო სააგენტოების საშუალებით იღებენ. გამგეობების მიერ აღნიშნული სერვისის გამოყენება გაცილებით ნაკლებ ფინანსურ დანახარჯებთან არის დაკავშირებული", - ნათქვამია განცხადებაში.

მერიის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურს მიაჩნია, რომ მსგავსი განცხადებები საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად მიზანმიმართულად ვრცელდება.