გიგლა აგულაშვილი - სუბიექტი, რომელმაც ციხისძირში ხე მოჭრა, დაჯარიმდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის, გიგლა აგულაშვილის ინფორმაციით, ციხისძირში ერთი ასწლოვანი ხე მოიჭრა და ის სუბიექტი, ვინც ეს განახორციელა, დაჯარიმდა. ამის შესახებ გიგლა აგულაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გიგლა აგულაშვილი ციხისძირში ასწლოვანი ხეების გადატანასთან დაკავშირებით არსებულ პროტესტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ზოგადად მცენარეების ერთი ადგილიდან მეორეზე გადარგვა არ არის ნონსენსი გარემოსდაცვითი, ან სხვა თვალსაზრისით.

"ბუნებრივია ამ შემთხვევაში სათანადო ცოდნა-უნარებია საჭირო იმისთვის, რომ ეს პროექტები წარმატებით განხორციელდეს. ნებისმიერ გადარგვას, რა თქმა უნდა, რისკები ახლავს. შეიძლება გახმეს, შეიძლება არ გახმეს, მიუხედავად იმისა, ეს მცენარე იქნება დიდი თუ პატარა.

მე მგონია, რომ ზოგადად, აქ ერთგვარი მცდელობაა, ატყდეს ქარიშხალი ჭიქაში და პოლიტიკური დივიდენდები დაიწერონ ცალკეულმა პოლიტიკურმა ძალებმა. ეს მცენარეები, რომელზეც არის საუბარი, არც ერთი არ არის ენდემური, არც ერთი არ არის "წითელი ნუსხის" მცენარე. ერთი არის ჭაობის კიპარისი და ასევე არის ხე ტიტა. თუ კითხვები ისმება იმასთან დაკავშირებით, რომ არის თუ არა სათანადო ცოდნა გადატანისათვის და იმისთვის, რომ არ გახმეს, მზად ვარ ამ დისკუსიაში ვისაუბრო სპეციალისტების თანდასწრებით. ხოლო თუ იმაზეა საუბარი, რომ ხე არ უნდა იქნას გადატანილი საერთოდ, ეს სწორი პოზიცია არ არის.

გადატანისა და მოვლის ღონისძიებები ასევე არის გათვლილი და გაწერილი. ჩვენ ვართ ჩართული აქ იმ კონტექსტში, რომ თუ იქ მოხდა რაიმე კანონდარღვევა, ამაზე ვრეაგირებთ. დიახ, იქ მოიჭრა ერთი ხე და ამ ხის მოჭრისთვის საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსით გათვალისწინებული ზომები მიღებულ იქნა და დაჯარიმდა ის სუბიექტი, ვინც ეს განახორციელა", -განაცხადა აგულაშვილმა.

მინისტრი აცხადებს, რომ გაცილებით მეტი პრობლემებია საქართველოს ტყეებში, სადაც იჭრება "წითელი ნუსხის" და ასწლოვანი ხეები და საზოგადოებას ამ პროცესის თავიდან აცილებაში მხარდაჭერისკენ მოუწოდა.