ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს მთავარი სატრანსპორტო მაგისტრალის განახლების მხარდაჭერას განაგრძობს

ფინანსთა სამინისტროში საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის გაფორმდა ხელშეკრულება "საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი II" პროექტის განხორციელების მიზნით 49.45 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფის თაობაზე.

როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ლასლო ბარანიაიმ.

პროექტით გათვალისწინებულია ზემო ოსიაური - ჩუმათელეთის მონაკვეთის დაახლოებით 14.1 კმ. სიგრძის მონაკვეთზე ახალი ოთხზოლიანი გზის მშენებლობა. ევროპის საინვესტიციო ბანკი ზემო ოსიაურიდან ჩუმათელეთის მიმართულებით დაახლოებით 5.8 კმ. სიგრძის მონაკვეთის მშენებლობას დააფინანსებს, ხოლო მსოფლიო ბანკი - დაახლოებით 8.3 კმ-ის მშენებლობას (შესაბამის ხელშეკრულებს ხელი უკვე მოეწერა მიმდინარე წლის 10 თებერვალს).

პროექტის განხორციელების პერიოდია 2016-2020 წელი.

როგორც ფინანსთა სამინისტროში აღნიშნავენ, EIB-ის მხარდაჭერით უკვე მიმდინარეობს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები. პროექტის დასაფინანსებლად EIB-ის გამოყოფილი აქვს 200 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი. პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია ფოთი-გრიგოლეთის და გრიგოლეთი-ქობულეთის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა, ასევე დეტალური პროექტის და სატენდერო დოკუმენტების მომზადება.

ამასთან, სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის ავტომაგისტრალის მშენებლობის დაფინანსებაში EIB-სთან ერთად მონაწილეობს ევროკავშირი, რომელმაც ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში საინვესტიციო ინსტრუმენტის (NIF) მეშვეობით პროექტის მხარდასაჭერად გამოყო გრანტი 20 მილიონი ევროს ოდენობით.

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი რეგიონის უმნიშვნელოვანესი და სტრატეგიული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაა, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს გადაქცევას რეგიონის სავაჭრო, სატრანზიტო, ეკონომიკურ და ლოგისტიკურ ცენტრად. აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტი მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის ზრდისა და სტაბილური განვითარებისთვის, რადგან ის ასევე ხელს შეუწყობს ქვეყნის რეგიონების სწრაფ განვითარებასა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. ინვესტიციები გზების ინფრასტრუქტურაში ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.