ზუგდიდში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა იწყება

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური დეპარტამენტის უფროსს ზაზა სიხარულიძეს, კომპანიის რეგიონალური ფილიალის მენეჯერს დავით შელეგიას და კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, შეხვედრაზე ზუგდიდის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობაზე ისაუბრეს, რომლისთვისაც 39 593 106 ამერიკული დოლარი იხარჯება.

სამშენებლო სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება, ამჟამად კი პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები სრულდება.

ზუგდიდის წყალმომარაგების სათავე ნაგებობის მშენებლობა და ქალაქის დაქსელვა ერთდროულად მოხდება, რაც ექსპლუატაციაში შესვლის პროცესს დააჩქარებს. ზუგდიდში დაიწყება წყალარინების სისტემის მშენებლობაც, რომლის ღირებულებაც სავარაუდოდ, 38 მილიონი ლარი იქნება.

წყლისა და წყალარინების სისტემა ექსპლუატაციაში 2018 წლის ბოლომდე შევა.

მხარის გუბერნტორმა ლევან შონიამ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებთან წალენჯიხის რაიონის დაბა ჯვარში წყლის სისტემის რეაბილიტაციის აუცილებლობაზეც ისაუბრა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით უკვე მუშაობენ.

დღევანდელ შეხვედრას გუბერნატორის პირველი მოადგილე კობა ქანთარია, ქალაქ ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ზუგდიდს წყალმომარაგების ცენტრალური სისტემა არ გააჩნია, პროექტის განხორციელების შემდეგ კი ქალქი 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.