სარფის საბაჟოზე დიდი რაოდენობით ოქროს უკანონო გატანის მცდელობა აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე "სარფი" დიდი რაოდენობით ოქროს უკანონო გატანის მცდელობა აღიკვეთა, - ინფორმაციას ამის შესახებ შემოსავლების სამსახური ავრცელებს. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტისა და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურის, "სარფის", ერთობლივი ოპერაციის შედეგად გამოვლინდა, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ მ.ა.ს.-მ და საქართველოს მოქალაქეებმა ბ.ი.-მ და ზ.ტ.-მ, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვრის გავლით გაიტანეს ჯამში 647 834,98 ლარის საბაჟო ღირებულების 7 470,1 გრამი ძვირფასი ლითონი, ოქროს ზოდების და ჯართის სახით.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტს.

"ზემოთ აღნიშნულ პიროვნებებთან ერთად გადაადგილდებოდა რუსეთის მოქალაქე მ.ა., რომელმაც საბაჟო საზღვარზე გადაიტანა 8421,73 ლარის ღირებულების 144,9 გრამი ძვირფასი ლითონი, ასევე ოქროს ზოდებისა და ჯართის სახით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნულ პიროვნებას სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 8421,73 ლარის ოდენობით", - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.