"რუსთავის ფოლადის" მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლები დღეს აქციას გამართავენ

რუსთავში, ,,რუსთავის ფოლადის" მეტალურგიული ქარხნის მთავარ სამმართველოსთან დღეს ქარხნის თანამშრომლების მორიგი აქცია გაიმართება.

როგორც საქართველოს მეტალურგიულ, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიულ კავშირში აცხადებენ, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლები პირველად 10 თებერვალს შეიკრიბნენ და კომპანიის გენერალური დირექტორის ნუგზარ კაჩუხაშვილის 2016 წლის 2 თებერვლის ბრძანება გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც ქარხნის 300-მდე თანამშრომელი უფასო შვებულებაშია გაშვებული. 2015 წლის განმავლობაში ქარხნიდან 700-ზე მეტი თანამშრომელი იქნა შემცირებული, სწორედ ამიტომ მუშები თვლიან, რომ მათ მიმდინარე წლის 10 მარტს უფასო შვებულებიდან აღარ გამოიძახებენ და უმუშევრები დარჩებიან. 10 თებერვლის საპროტესტო აქციის შემდეგ კომპანიის ფინანსურ დირექტორთან არჩილ მელიქაძესთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს პროფკავშირების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ 12 თებერვალს მუშები კვლავ შეიკრიბებიან და შეხვდებიან ადმინისტრაციას, სადაც კომპანიის მხრიდან წარმოდგენილი იქნება ორმხრივად ხელმოსაწერი (პროფკავშირსა და ადმინისტრაციას შორის) დოკუმენტი, რომლითაც კომპანიამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით იმ მიზნით, რომ დასაქმებულთათვის იძულებითი მოცდენის პერიოდით მიყენებული მძიმე სოციალური შედეგები შემსუბუქდეს.

"დასაქმებულთა მოთხოვნებია: დაფიქსირდეს კომპანიის გარანტია იმის შესახებ, რომ 2016 წლის 10 მარტიდან აღდგენილი იქნება მუშაობა; იძულებითი მოცდენის პერიოდში გადავადებული იქნას დასაქმებულთა საბანკო კრედიტები და შემდგომი პერიოდისთვის შემუშავებული იქნას გადახდის მსუბუქი გრაფიკი; იძულებით მოცდენაზე გაშვებულ თანამშრომლებს გადაეხადოთ 2015 წლის დასაწყისში მათ ხელფასებზე დაკლებული თანხა, რომელიც ადმინისტრაციას უნდა დაეფარა 2015 წლის მაისის თვეში. საერთო ჯამში თანხა შეადგენს დასაქმებულთა ხელფასის 15%-ს; დადგენილ იქნას იძულებითი მოცდენის ტარიფი ხელფასის 60%-ის ოდენობით", - ნათქვამია საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.