"სმარტის" დაცვის თანამშრომლები ცივი იარაღით დაჭრეს

რუსთაველის გამზირზე რამდენიმე არასრულწლოვანმა სუპერმარკეტ "სმარტის" დაცვის თანამშრომლები დაჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.

ინციდენტი წუხელ მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაცვის წევრებმა რამდენიმე ახალგაზრდას, რომლებიც წესრიგს არღვევდნენ, სუპერმარკეტის დატოვება სთხოვეს. მათ შენობა დატოვეს, თუმცა რამდენიმე ხანში სხვა თანატოლებთან ერთად დაბრუნდნენ და დაცვის წევრებს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს.

"სამი თუ ოთხი ახალგაზრდა შემოვიდა "სმარტის" ტერიტორიაზე, რომელიც არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს. ჩვენი დაცვის და უსაფრთხოების სამსახურმა მათ მოუწოდა, დაეტოვებინათ ტერიტორია, რასაც შელაპარაკება მოჰყვა", - განუცხადა ჟურნალისტებს "სმარტის" მენეჯერმა არჩილ ნიკოლაძემ.

ორივე დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გამოძიება ხულიგნობის მუხლით დაიწყო.