ბათუმის პორტში ნატო-ს ოთხი ხომალდი შემოვიდა

ბათუმის პორტში ნატო-ს მუდმივმოქმედი ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი (SNMCMG2) შემოვიდა, რომელიც ალიანსის სხვადასხვა წევრი ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი ოთხი ხომალდითაა დაკომპლექტებული.

ნატო-ს ხომალდები ბათუმის ნავსადგურში 15 თებერვლამდე დაჰყოფენ და ქართული მხარის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ერთობლივ სწავლებასა და საჩვენებელ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას.

აღნიშნული სწავლებები ნატო-სა და შსს-ს საზღვაო პოლიციის სანაპირო დაცვის ხომალდების ურთიერთქმედებასა და ურთიერთთავსებადობის ამაღლებას ისახავს მიზნად.

ხვალ ბათუმში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვა ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსი კონტრ-ადმირალი ჯორჯო ლაციო, რომელიც შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს შეხვდება.