თბილისში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

თბილისში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. ეს რიგით მეშვიდე სხდომაა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, სხდომაზე მოხსენებით გამოვლენ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრი ზია მამედოვი, თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრი ბინალი ილდირიმი.

უწყების განმარტებით, სხდომაზე საუბარი წარიმართება ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის მიმდინარეობასა და 2016 წელს განსახორციელებელ ღონისძიებებზე.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა შეხვედრა გამართა თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრ ბინალი ილდირიმთან. შეხვედრის ძირითად თემას თურქეთსა და საქართველოს შორის სატრანსპორტო და კომუნიკაციების სფეროში თანამშრომლობა წარმოადგენდა.

სხდომის ბოლოს დაგეგმილია, რომ მხარეები ერთობლივ ოქმს მოაწერენ ხელს, ასევე მინისტრები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.