საუკუნის უდიდესი აღმოჩენა - გრავიტაციული ტალღების არსებობა დადასტურდა

გრავიტაციული ტალღების არსებობა 100 წლის წინ აინშტაინმა იწინასწარმეტყველა

მეცნიერთა ჯგუფმა აშშ-დან სენსაციური განცხადება გააკეთა. პირველად, ლაბორატორიულ პირობებში დადასტურდა, რომ 100 წლის წინ ნაწინასწარმეტყველები გრავიტაციული ტალღები არსებობს.

გრავიტაციულ ტალღებს აქტიურად ეძებდნენ გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან. 1992 წელს კი აშშ-ში დაიწყო პროექტი სახელწოდებით LIGO (Laser Interferometer Gravitational Wave Observatory), რომლის ღირებულება, დღევანდელი მონაცემებით, ერთ მილიარდ აშშ დოლარს უდრის.

პროექტის ფარგლებში, ლუიზიანას შტატსა და ვაშინგტონში ორი უზარმაზარი დეტექტორ-ობსერვატორია აშენდა, რომელიც კოსმოსიდან მიღებულ სიგნალებს აანალიზებდა. პროექტში ჩართული იყო ათასამდე მეცნიერი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

გრავიტაციული ტალღების აღმოსაჩენად, მეცნიერები გიგანტურ გრავიტაციულ ტელესკოპებს იყენებდნენ. 2015 წლის 14 სექტემბერს მოხდა მოვლენა, რომელიც უკვე შეფასდა XXI საუკუნის სენსაციურ აღმოჩენად - გრავიტაციული ტალღები ჯერ ერთმა ობსერვატორიამ დააფიქსირა, 7 მილიწამში კი - მეორემ.

გრავიტაციული ტალღები და კოსმოსის შესწავლის მომავალი

გრავიტაციული ტალღების აღმოჩენა უკვე შეფასდა ახალი ეპოქის დაწყებად ასტრონომიაში და მთლიანად, მეცნიერებაში.

როგორც მეცნიერები ამბობენ, გრავიტაციულ ტალღებს "დამახსოვრებული" აქვთ ის საოცარი და საიდუმლოებით მოცული მოვლენები, რომელიც სამყაროში მილიარდობით წლის წინ ხდებოდა. ანუ ყველა გრავიტაციული ტალღა, რომელსაც მეცნიერები მომავალში დააფიქსირებენ, უფრო მეტს მოგვიყვება იმაზე, თუ როგორ დაიბადა ჩვენი სამყარო.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ამ ტალღების საშუალებით შეძლებენ ახალი კოსმოსური ობიექტების აღმოჩენასაც, რაც ჩვენს წარმოდგენას სამყაროზე მთლიანად შეცვლის.

რა მოხდა 1,2 მილიარდი წლის წინ?

LIGO-ს ტელესკოპებით, კოსმოსიდან მიღებული სიგნალის მიხედვით დადასტურდა, რომ დაახლოებით 1,2 მილიარდი წლის წინ, შორეულ გალაქტიკაში ორი უზარმაზარი შავი ხვრელი ერთმანეთის გარშემო ბრუნავდა.

პირველი ხვრელის მასა 36 მზის მასას უდრიდა, მეორე ხვრელის კი 29-ის.

იხილეთ გაგრძელება