ბორჯომის მუნიციპალიტეტი მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესებისთვის გაწეულ სამუშაოებს აჯამებს

ბორჯომის მუნიციპალიტეტი მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესებისათვის 1 წლის განმავლობაში გაწეულ ცვლილებებს აჯამებს.

როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, 2015 წლის 1-ელ იანვარს ა(ა)პი სამსახურად ჩამოყალიბდა "ბორჯომის საზოგადოებრივი ტრანსპორტი", რომელმაც 1 წლის განმავლობაში მკვეთრად გააუმჯობესა და სიახლეები შეიტანა მგზავრთა მომსახურების სისტემაში. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, ამ ხნის განმავლობაში განახევრდა ტარიფები მუნიციპალურ ტრანსპორტზე; შეძენილ იქნა ახალი მიკროავტობუსი, რომლებიც ახალი უბნის მოსახლეობას 20 თეთრად ემსახურება; დაინიშნა სამი კონტროლიორი; ტრანსპორტის სამსახურში მოეწყო ექიმის ოთახი, დაინიშნა ექიმი, რომელიც ყოველ დილით ამოწმებს მძღოლების ჯანმრთელობის მდგომარეობას. მისივე თქმით, სამსახურმა გაითვალისწინა მოსახლეობის თხოვნა და პიკის საათებში დანიშნა დამატებითი რეისები.

"გარდა ამისა, რელიგიურ დღესასწაულებზე მოქალაქეებს უფასო ტრანსპორტი მოემსახურათ. დაინიშნა მუნიციპალური ავტობუსი საკირე-ხაშურის მიმართულებითაც. ტრანსპორტში დამონტაჟდა კამერები, შაბათ დღეს დაინიშნა ავტობუსები, რომლებიც მგზავრებს 20:00 საათამდე ემსახურებიან, რაც აქამდე არ განხორციელებულა", - აცხადებს გამგებელი.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ 440 ადამიანს (ბენეფიციარებს, ომის ვეტერანებს, მრავალშვილიან ოჯახებს და სხვა კატეგორიას) გადაეცა უფასო მგზავრობის ბარათები.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ბოლო სიახლე ამ სფეროში არის ის რომ, 4 იანვრიდან ბაკურიანის მიმართულებით დაინიშნა მუნიციპალური ავტობუსი, რომლის ღირებულება 3 ლარის ნაცვლად, 1.50 ლარია. დიმიტრი ყიფიანის თქმით, მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესებისათვის მუშაობა კვლავ აქტიურად მიმდინარეობს და ახალ 2016 წელს კიდევ ბევრ სიახლეებს უნდა ველოდოთ.