ზია მამედოვის შეფასებით, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი აზიასა და ევროპას შორის ახალ ხიდებს ქმნის

აზერბაიჯანის ტრანპორტის მინისტრ ზია მამედოვის განცხადებით, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი აზიასა და ევროპას შორის ახალ ხიდებს ქმნის, - ამის შესახებ მამედოვმა დღეს ქართველ და თურქ კოლეგებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მინისტრებმა სამმხრივი შეხვედრები გამართეს და ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით მიმდინარე საკითხებზე ისაუბრეს.

"აღნიშნული პროექტი იქნება არა მხოლოდ ტვირთბრუნვის, არამედ ეკონომიკური, სავაჭრო და გეოპოლიტიკური მნიშვნელობის. ევრაზიულ სივრცეში ეს პროექტი იქნება ყველაზე თანამედროვე და ის იქნება აბრეშუმის გზის გაგრძელება. ეს პროექტი ქმნის ახალ ხიდებს ევროპასა და აზიას შორის. ეს პროექტი ცივილიზაციებს შორის დიალოგებს განავითარებს და დიდ წვლილს შეიტანს ასევე ადამიანებს შორის ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. პროექტი სამივე ქვეყნის ლიდერების ნებით ხორციელდება და ჩვენი ვალია, ეს ნება აღვასრულოთ", - განაცხადა მამედოვმა.

მინისტრის თქმით, პროექტის შესრულებაში ძალიან დიდი ადამიანური რესურსი დაიხარჯა. ფაქტობრივად, ადამიანებმა გმირობის ტოლფასი სამუშაო შეასრულეს. პროექტის დაგვიანებას ობიექტური მიზეზები აქვს, ვინაიდან ის სამივე ქვეყნის ტერიტორიაზე რთულ რელიეფურ პირობებში სრულდება.

მამედოვის თქმით, მას ქართველ და თურქ კოლეგებთან ერთად საკუთარი თვალით აქვს ნანახი პროექტის განხორციელების მიმდინარეობა, ნამყოფია გვირაბებში, მათ შორის საქართველოს ეკონომიკის ყოფილ მინისტრ, ამჟამინდელ მოქმედ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად.

"საამაყოა, რომ უშუალოდ ხარ ჩაბმული ამ პროექტის განხორციელებაში. მე ვფიქრობ, რომ მძიმე სამუშაოები უკან არის მოტოვებული და სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა გადასული. პროექტი 2017 წლის პირველივე თვეებში დასრულდება და ეს იქნება ფანჯარა ევროპასა და აზიას შორის და ადამიანები, რომლებიც ამ ფანჯარაში გაიხედავენ, აღმოაჩენენ ძალიან ლამაზ ხედს ევროპასა და აზიას შორის. ეს იქნება ცივილიზაციათა შერწყმა", - განაცხადა მამედოვმა.

თბილისში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საკოორდინაციო საბჭოს მეშვიდე სხდომა დასრულდა.